ვინ არის 53 წლის გურული, რომელიც ხეზე ცხოვრობს, მშვილდ-ისრით ნადირობს და საცოლეს ეძებს

53 წლის კაკო ლომთათიძე ჩოხატაურის რაიონის სოფელ მეწიეთში, პატარა ქოხში, მარტო ცხოვრობს, ქოხი იმდენად პატარა და საცხოვრებლად მოუხერხებელია, რომ მისი პატრონი, ცხოვრების თითქმის ნახევარს, იქვე ეზოში, მაღალ ხეზე სახელდახელოდ მოწყობილ  “საძინებელში” ატარებს:

“ცოლი არ მაწუხებს და შვილი, ვწევარ აქ და გადმოვყურებ სამყაროს”, – მიუხედავად სიდუხჭირისა იუმორის გრძნობას არ კარგავს გურული.

ის მეწიეთის მაღლობზე ბოლო მოსახლეა და ირგვლიც სულ ტყე აკრავს, რამდენიმე საცხოვრებელი სახლიცაა მეზობლად, მაგრამ, მისი მეპატრონეები მხოლოდ ზაფხულობით, დასასვენებლად ჩამოდიან.

ბატონი აკაკი თავს ნადირობით ირჩენს, მაგრამ, რაოდენ გასაოცარია, რომ ის ნადირობის იარაღად  მშვილდ-ისარს იყენებს. გვიმტკიცებს, რომ დათვიც ჰყავს მოკლული.

გასაკვირი ამ ამბავში უფრო მეტად ისაა, რომ კაკო ლომთათიძე “გურიის მოამბეს” არა საკუთარ სვე-ბედზე საწუწუნოდ, არამედ ერთი კონკრეტული მიზნით დაგვიკავშირდა – მოსწყინდა მარტო ყოფნა, მეორე ნახევარს ეძებს. ამბობს, რომ არავინ თანხმდება ცოლობაზე მანამ, სანამ ელემენტარულ საცხოვრებელ პირობებს არ მოიწყობს. ამიტომ დუნიას მისი გასაჭირი უნდა აცნობოს, ცოლს ირთავს კაცი და იქნებ სულიერმა ვინმემ ყურად იღოს თხოვნა  და დაეხმაროს მას საკუთარი “კერიის” შექმნაში.