საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, 29 სექტემბერს ქალაქ მარნეულში განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებულები არიან ჟურნალისტები, მათ შორის პირველი არხის გადამღები ჯგუფი, დაზიანებულია მაუწყებლის კუთვნილი ტექნიკა, აღნიშნულთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

“შემაშფოთებელია სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტის მიერ გამოთქმული ბრალდება, თითქოს პირველი არხის გადამღებმა ჯგუფმა მას არ გაუწია შესაბამისი დახმარება, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯგუფი საერთოდ არ იმყოფებოდა იმ ადგილას, იმ დროს, როდესაც „მთავარის“ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჟურნალისტის მთავარი მოვალეობა სწორი და ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაა, შემაშფოთებელია მედიის წარმომადგენლის მხრიდან ცრუ ბრალდება მით უფრო კოლეგების წინააღმდეგ, დაუშვებელია შერჩევითი სამართალი თუ შერჩევითი სოლიდარობა.

საქართველოს პირველი არხი არ დატოვებს არც ერთ მსგავს ფაქტს ყურადღების მიღმა და არ დაუშვებს, ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ინსტიტუცია რიგი ძალების წინაშე თავის მართლების რეჟიმში გადავიდეს.

საქართველოს პირველი არხის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებელი მიმართავს საქართველოში მედიის საკითხებზე, მათ შორის სამართლებრივ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, ასევე სახალო დამცველს რეაგირებისთვის, მოვითხოვთ მომხდარის ადეკვატურ შეფასებას და შესაბამისი დასკვნების საჯაროდ გაკეთებას” _ ნათქვამია განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *