კალაძე ბათუმში „ნაცმოძრაობის“ ღონისძიებაზე – გუშინდელი ფაქტი ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა იყო

გუშინდელი ფაქტი იყო ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების შეკრების ფაქტს ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც კახა კალაძე აცხადებს, საზოგადოება, ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები, ერთ მხარეს არიან, ოპონენტები კი კორონავირუსის მხარეს.

„ ვიცით, რომ მთელი მსოფლიო ებრძვის ამ ვირუსს. მინდა გავიხსენო ვირუსის გავრცელების პირველი ტალღა. მაშინ დავინახეთ, რომ ერთ მხარეს იყო მთავრობა, საზოგადოება და ეპიდემიოლოგები, ექიმები ვინც ყოველდღიურ რეჟიმში იბრძოდნენ ვირუსის შეკავებისთვის და ადამიანების გამოჯანმრთელებისთვის, მეორე მხარეს კი იყვნენ ჩვენი ოპონენტები.

მეორე ტალღას რაც შეეხება, აქაც იგივე მდგომარეობა გვაქვს. საზოგადოება, ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები, დარგის სპეციალისტები არიან ერთ მხარეს, ოპონენტები კი ვირუსის მხარეს, რაც ძალიან ცუდია.

ასეთ დროს, ყველა და ყველაფერი, არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიცია თუ ხელისუფლება, ყველა ერთიანდება. სამწუხაროდ, ჩვენთან ასე არ ხდება. ეს უპასუხისმგებლობის დამადასტურებელი შემთხვევა იყო.

რაც შეეხება საარჩევნო კამპანიას, ხედავთ საარჩევნო კამპანიას, ჩვენ შეხვედრებს როგორ ატარებს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტია. შეხვედრებზე ადამიანები პირბადეებით იმყოფებიან და დაცულია სოციალური დისტანცია. ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს ამის შესაძლებლობა“,-განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებმა მსვლელობა და აქცია გაიმართეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share