„ქართული ოცნების“ კანდიდატის წარდგენა ლანჩხუთში და ხელისუფლების კლასტერი გურიიდან

16 ოქტომბერს ლანჩხუთში ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძეის წარადგენა გაიმართა. შეხვედრას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ნინო წილოსანი და პარტიის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.

 

გუშინ, 18 ოქტომბერს კი კორონავირუსი ლანჩხუთის მერს, ალეკო სარიშვილს დაუდასტურდა. მერი გახლავთ „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და სტუმრების პირველი მასპინძელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. კორონავირუსი დღეს დილით პარლამენტის წევრს, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარს ნინო წილოსანსაც დაუდასტურდა, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა.

განვითარებული მოვლენების გამო კორონავირუსზე ტესტი გაიკეთა პრემიერმინისტრმა გახარიამ და კახი კალაძემ. გახარიას პასუხი ტესტზე უარყოფითია. ჟურნალისტის კითხვაზე კი აპირებს თუ არა თვითიზოლაციაში გადასვლას, პრემიერმა ასე უპასუხა: „პირბადე მეკეთა, რა ვქნა თვითიზოლაციაში გადავიდე? მერე ვინ გააკეთებს საქმეს?..“

ამ თემასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა კალაძემაც და აღნიშნა რომ, ლანჩხუთის მერთან შეხება არ ქონია, თუმცა თავდაცვის მიზნით PCR ტესტი მაინც ჩაიტარა.

ამ საღამოს კი, გურიის მაჟორიტარობის კანდიდატმა ვასილ ჩიგოგიძემაც გაიკეთა ტესტი კორონავირუსზე. ნინო წილოსანთან კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაშია მამუკა მდინარაძეც.

აღსანიშნავია ისიც, რომ გურიაში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენამდე ორი დღით ადრე, ნინო წილოსანი ჭადრაკის სახლში ციფრული მოქალაქის ოფისის გახსნას ესწრებოდა. პროექტი ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ინიციატივითა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. ოფისის გახსნას გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩიტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გახდება თუ არა ვირუსის გავრცელების ახალი კერა ლანჩხუთში, მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენაზე შეკრება, უახლოეს პერიოდში გავიგებთ.

ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share