31 ოქტომბერი იქნება ობიექტური ვერდიქტი რადიკალური ცვლილების, რეფორმების სასარგებლოდ – ახვლედიანი

ევროპული საქართველოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის თქმით, ბათუმში წარმოუდგენელი მდგომარეობაა ეკოლოგიის მხრივ, ამ დროს კი ხელისუფლებას არაფერი არ ადარდებს გარდა მისი ბიზნესის მოწყობისა და საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნების.

ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ამ ყველაფერის დასრულებას სჭირდება საზოგადოების ვერდიქტი, რომელიც იქნება ობიექტური, რადიკალური ცვლილებებისა და რეფორმების სასარგებლოდ.

„წარმოუდგენელი უუფლებობაა! მხოლოდ წინასაარჩევნოდ ვახსენდებით! მხოლოდ წინასაარჩევნოდ სჭირდება ხელისუფლებას თქვენი ხმები! აბა, რას ჰგავს ეს – ბათუმში ააშენეს ქიმიური ტერმინალი ჩვენი მტკიცე პროტესტის მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ ქალაქი ნაღმზეა, უზარმაზარი საფრთხის წინაშეა. არ ვიცით, რა წუთს აფეთქდება.

ვის აინტერესებს, ვის მოვსთხოვოთ შემდეგ პასუხი? – რიჟვაძეს, კომახიძეს თუ ივანიშვილს? ის, რომ ქალაქში წარმოუდგენელი მდგომარეობაა ეკოლოგიის მხრივ, რომ ათასგვარი ავადმყოფობა ჩნდება ამის გამო. ამ თემაზე უსაუბრია ჯერ ხელისუფლებას? მას არაფერი ადარდებს, გარდა იმისა, რომ საკუთარი ბიზნესები მოიწყოს, საკუთარი მმართველობა შეინარჩუნოს. მერე მოვლენ და და კვლავ უტიფრად გვთხოვენ ხმებს წინასაარჩევნოდ.

დავასრულოთ ეს არანორმალური პრაქტიკა – საფრთხის შემცველი ქიმიური ტერმინალი ბათუმში აღარ უნდა იყოს. ეკოლოგიაზე, გამონაბოლქვზე, დაჭუჭყიანებულ ჰაერსა და წყალზე პასუხი უნდა აგონ! ამას კი სჭირდება თქვენი ვერდიქტი 31 ოქტომბერს. მე მჯერა, რომ ეს იქნება ობიექტური ვერდიქტი რადიკალური ცვლილების, რეფორმების სასარგებლოდ.“ – განაცხადა ახვლედიანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share