“კარტოფილზე გაყიდული, ხმების შემგროვებელი მასწავლებელი ვერ შექმნის მომავალს”

 ლექტორი, გეოგრაფი თინათინ მოასიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც განათლების სფეროში არსებულ მძიმე პრობლემებს ეხება.ის იმ პედაგოგებზე საუბრობს, რომელთათვისაც, რომელიმე პარტიიდან მიღებული ჯილდო უფრო მეტია, ვიდრე მომავალი თაობების სწორად აღზრდა:

“ყველა ომს იგებს მასწავლებელი! ყველაფერს ქმნის მასწავლებელი! და ყველა პროგრესსაც მასწავლებელი უდებს სათავეს!

ყველა, ვინც კი კარგი გვყავს, ცოტა ხნით მაინც უნდა გავუშვათ სკოლაში. რა სქემები და კრედიტები, რა წინაღობები და მაძიებლობები…
ახალი და კარგი ხალხი, ყველა, ვისაც რამე კარგის მიცემა შეუძლია ბავშვებისთვის, სულ თუ არა, ცოტა ხნით მაინც გავუშვათ სკოლაში! უნივერსიტეტდამთავრებულები, მეცნიერები, საუკეთესოები!
სიახლე, ახალი სისხლი სჭირდება ქვეყანას! ახლებური ხედვა!
სკოლაში, რადგან უნივერსიტეტი დაგვიანებულია!
დღეს განათლების სისტემაში ბევრი ღირსეული ადამიანი მუშაობს, მაგრამ, დამეთახმეთ, რომ კრედიტების წიწილებივით მთვლელი უფრო მეტია (ეს ბუნებრივიცაა, ყველა ადამიანები ვართ და ყველას გვშივდება).
ყველაფერზე თავის დამქნევი, კრედიტებზე ორიენტირებული, კარტოფილზე გაყიდული, პარტიის (აი, რომელი პარტიაც უნდა იყოს, სულ ერთია, მით უმეტეს სახელისუფლო) კოორდინატორი და ოჯახ-ოჯახ მორბენალი, არჩევნებისთვის (და არა ქვეყნისთვის) ხმების შემგროვებელი მასწავლებელი ვერ შექმნის იმ მომავალს, საქართველოს და ამ ქვეყნის მომავალს რომ სჭირდება.
ჰო, ყველა ომს მასწავლებელი იგებს და ყველა პროგრესსაც მასწავლებელი უყრის საფუძველს!”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share