“ქვეყანა შევიდა ფატალურ ჩიხში, რომელიც არაერთ ადამიანს იმსხვერპლებს…”

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, პროფესორი, ზურაბ გურული, სოციალურ ქსელში, წერს:

“უაღრესად კრიტიკული ჟამი უდგას საქართველოს.

ქვეყანა ლოგიკურად შევიდა გამოუვალ, ფატალურ ჩიხში, რომელიც არაერთ ადამიანს იმსხვერპლებს. ის, რაც დღეს ხდება, სამწუხაროდ ლოგიკური გარდაუვალობაა, რომლისკენაც თანმიმდევრულად მივექანებოდით. წარმოიდგინეთ უზარმაზარი კომერციული თვითმფრინავი, რომლის პილოტის გამოცდილების მაქსიმუმი ერთადგილიანი ფანერის პლანერით ფრენაა; წარმოიდგინეთ რთულ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ქირურგი, რომლის საოპერაციო გამოცდილება ფურუნკულის დრენირებით შემოისაზღვრება; წარმოიდგინეთ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა და ტერორის დონე, ასევე მლიქვნელობისა და უგუნურების ხარისხი, როდესაც ზემოხსენებულ „ქირურგსა“ და „პილოტს“ ტაშს დაუკრავენ თავად იმ თვითმფრინავში და საოპერაციო მაგიდაზე მყოფნი; დაუკრავენ ხმამაღლა, მქუხარედ, ერთგვარი ნიშნის მოგებითაც იმათ მიმართ, რომლებსაც ამ თვითმფრინავში იძულებით უწევთ უპარაშუტოდ ჯდომა, ან იმათ მიმართ, რომლებიც იმ „ქირურგის“ საოპერაციო მაგიდაზე არტახებით დააკრეს და გაამზადეს საოპერაციოდ.

ბედის ყველაზე დიდი ირონია კი ის არის, რომ ამ განწირულ თვითმფრინავში ნამდვილი პილოტებიც სხედან; და იმ საოპერაციოში ნამდვილი ქირურგებიც იმყოფებიან.

კომერციულ თვითმფრინავებში პარაშუტებს არ არიგებენ. იცით რატომაც.

არც ამ წარმოსახვით თვითმფრინავში ექნება ვინმეს პარაშუტი…”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share