“ყველა ნიჭიერი ქართველი მაგარია საქართველოს ფარგლებს გარეთ” – ზურაბ გურული

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ “ყველა ნიჭიერი ქართველი მაგარია საქართველოს ფარგლებს გარეთ”.

მისი თქმით, უნდა დავთმოთ ფეოდალიზმის ხანაში ჩარჩენილი მენტალიტეტი და შევქმნათ კანონებზე აგებული, დისციპლინირებული სახელმწიფო.

“რატომ არის, რომ ყველა ნიჭიერი ქართველი მაგარია საქართველოს ფარგლებს გარეთ, შესაძლებლობების მაქსიმუმს ავლენს და საქართველოში კი ამის მეასედსაც ვერ ახერხებს ?

არა, ნიჭიერებად კი რჩებიან, ინდივიდუალურად თავსაც გამოიჩენენ, მაგრამ მათი კოლექტიური ძალისხმევა ნულოვანია?

არათანამიმდევრულობის, უსისტემობის გამო. როგორც კი ნიჭი სისტემატიზირებული და თანამიმდევრული ხდება, მაშინვე იწყებს ნაყოფის შექმნას.

ასეა ყველა დარგში და ასეა ფეხბურთშიც. ერთადერთი მწვრთვნელი, რომელმაც რკინისებური დისციპლინით ყველაზე წარმატებული ქართული გუნდი შექმნა, ნოდარ ახალკაცი იყო. ისიც ვერ იგუეს საბოლოოდ და “დინამომ” დაასრულა უმომავლოდ ზუსტად ისე, როგორც უნდა დაესრულებინა.
ასევეა ქართული სახელმწიფოც; უდისციპლინო, არათანმიმდევრული, უმომავლო.

არადა, ძალიანაც კოხტად ემორჩილება დისციპლინას ქართველი, როცა მოხვდება დისციპლინირებულ, თანამიმდევრულ გარემოში. ემორჩილება და სრულად ავლენს საკუთარ ნიჭსა და შესაძლებლობებს.
გვინდა წარმატებული და ბედნიერი ქვეყანა?

მაშინ უნდა დავთმოთ ფეოდალიზმის ხანაში ჩარჩენილი მენტალიტეტი და შევქმნათ კანონებზე აგებული, დისციპლინირებული სახელმწიფო. გვაქვს მაგის რესურსი?
კი გვაქვს. გამოვიყენებთ? მეტი არაა ჩემი მტერი…” – წერს გურული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share