„ლოქდაუნის“ გამო სამსახურის გარეშე დარჩენილ ადამიანებს სესხი არ გადაუვადდებათ – საბანკო ასოციაცია

„იმ მსესხებლებთან მიმართებაში, ვინც უშუალოდ მეორე „ლოქდაუნის“ გამო ან დაკარგა სამსახური, ან ბიზნესი გააჩერა, მიმდინარეობს კოორდინირებული მუშაობა, მაგრამ ეს პროცესი არ იქნება სესხების გადავადება“, – ამის შესახებ BMG-სთან საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა, ალეკო ძნელაძემ განაცხადა.

ძნელაძის განმარტებით, საბანკო სექტორი რესტრუქტურიზაციისთვის მზადაა და ახლა მსესხებლების ერთიან სიას ელის.

„რესტრუქტურიზაციის პროცესი რეალურად ივნისიდან დაიწყო, უბრალოდ ახლა დამატებით გამოჩნდება ის კომპანიები, რომლებსაც კონკრეტულ მოკლევადიან პერიოდში აღნიშნული შეზღუდვები შეეხოთ. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პირები და ბიზნესები დროულად დარეგისტრირდნენ იმ სახელმწიფო სიებში, რომლებიც სოციალურ პაკეტებს ითვალისწინებს. ეს არ ნიშნავს, რომ სხვა სესხებზე არ მიმდინარეობს რესტრუქტურიზაცია, მაგრამ აღნიშნულ მსესხებლებთან მიმართებაში, ვინც უშუალოდ ამ ლოქდაუნის გამო ან დაკარგა სამსახური, ან ბიზნესი გააჩერა, მიმდინარეობს კოორდინირებული მუშაობა, მაგრამ ეს პროცესი არ იქნება გადავადება, ეს არის რეალურად რესტრუქტურიზაცია.

ჯერ მთავრობის სიებში რეგისტრაცია დასრულებული არ არის, მაგრამ მსესხებლებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ ამ სიაში უკვე იქნებიან დარეგისტრირებული, მათთვის უფრო მარტივი იქნება რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით პროცედურის გავლა. აღნიშნული სიების ფორმირება 24 დეკემბრამდე დასრულდება, სიების ტექნიკურ ნაწილთან დაკავშირებით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ასეთი მსესხებლების შესახებ ცნობილი არ გახდეს ზუსტად 24 დეკემბერს და მიმდინარე რეგისტრაციის დროს დროულად მოხდეს ინფორმაციის გაცვლა და ვინც დარეგისტრირდება, მათთვის არათუ წლის ბოლოს მოხდეს რესტრუქტურიზაცია, არამედ – თანმიმდევრულად“, – განაცხადა ძნელაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share