გიორგი გახარიამ რწმუნებულებს რეგიონებში შეზღუდვების მკაცრი კონტროლი დაავალა — მთავრობა

საქართველოს მთავრობის განცხადების თანახმად, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს ეპიდემიური მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლი დაავალა.

“პრემიერმა რწმუნებულებს მოუწოდა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი შესაბამის უწყებებს დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მონიტორინგში, ასევე მკაცრად გაკონტროლდეს სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც სავაჭრო ობიექტების მუშაობაზე შეზღუდვები არ ვრცელდება.

პრემიერმინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებთან საუბრისას ასევე განიხილა რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. მთავრობის მეთაურმა დეტალური ინფორმაცია თითოეულ რეგიონში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის შესაბამისად, კოვიდის მართვის პროცესში დამატებითი კლინიკების ჩართვის შესახებ, ასევე კოვიდ-სასტუმროების მობილიზების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მსგავსი საჭიროება გამოიკვეთა”. – წერია განცხადებაში.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ იმუშავებს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share