გრან-პრის მსვლელობისას “ფორმულა-1”-ის ბოლიდი ორად გაიყო, აფეთქდა, მასში მდჯდომი პილოტი კი 30 წამის განმავლობაში ალში იყო გახვეული

Haas-ის გუნდის ფრანგი პილოტის, რომენ გროჟანის “ფორმულა-1”-ის ბოლიდი გამოედო რუსი მრბოლელის, დანიილ კვიატის ბოლიდს გრან-პრი ბაჰრეინის მსვლელობისას, რის შემდგომაც ბოლიდი შეეჯახა დამცავ ჯებირს, ორ ნაწილად გაიყო და აფეთქდა, ხოლო გროჟანმა აალებულ ბოლიდში 30 წამი გაატარა და დამოუკიდებლად გადმოსვლაც კი შეძლო!

“მას აქვს მცირე დამწვრობები ხელებსა და ტერფებზე, ამის იქეთ კი არაფერი უჭირს” – ნათქვამია გუნდის განცხადებაში.

თავად პილოტმა მოგვიანებით, კლინიკიდან, ვიდეომიმართვაც კი ჩაწერა, რომელშიც ყვება, რომ ყველაფერი კარგადაა, და ხუმრობით აყოლებს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მესიჯებს ვერ უპასუხებს.

ინციდენტის წინ, გროჟანი ცდილობდა წინ გაჭრას, რა დროსაც მკვეთრად გადაადგილდა მარჯვნივ და მოულოდნელად გამოედო რუსის ბოლიდს – გროჟანმა კონტროლი დაკარგა, მოსრიალდა და დაიმტვრა.

კვიატი ყვება, რომ ეს იყო საშინელი შეჯახება: “თავიდან ძალიან გავბრაზდი, როცა გროჟანმა დამეჯახა გავიფიქრე: “რა ჯანდაბას აკეთებს?”, მაგრამ შემდეგ აზრები მკვეთრად შემეცვალა – როგორც კი აფეთქება დავინახე სარკეებში! უბრალოდ ვიჯექი და ვიმედოვნებდი, რომ გადარჩა და კარგადაა. მიხარია, ძალიან მიხარია რომ გადარჩა და არაფერი ემუქრება. მსგავსი ეპიზოდები გვახსენებენ, თუ რამდენად სახიფათო საქმიანობით ვართ დაკავებულნი” – განაცხადა რუსმა მრბოლელმა.

ავტორი: ირაკლი სალუქვაძე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share