ყველა ინფორმაციას სჭირდება დადასტურება — გაბუნიას პასუხი 31 წლის გარდაცვლილი ქალის წერილზე

“გაგუდული დაგხვდებით”, — 31 წლის გარდაცვლილი ქალის წერილზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ყველა ინფორმაციას სჭირდება დადასტურება, რადგან ეს სხვადასხვა წყაროებისგან ვრცელდება.

“არსებობს ბევრი წყარო, ინფორმაციას სჭირდება დადასტურება. პრევენციულად სრულიად გამორიცხულია და შეუფერებელია, ასეთი, ტიპის დამოკიდებულება პაციენტთან. ბევრი სხვადასხვა ტიპის მონიტორინგი ტარდება საავადმყოფოებში იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები არ იყოს. კონკრეტულ მიმოწერაზე ამ შემთხვევაში ვერაფერს გეტყვით, მაგრამ, ზოგჯერ შეიძლება იყოს დაუჯერებელი რამ გაჟღერებული და სამინისტროს ყოველთვის აქვს რეაგირება, მიუხედავად იმისა, რამდენად დაუჯერებელიც არ უნდა იყოს ეს ინფორმაცია”, — განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილი 31 წლის ორსული ქალი ფილტვის მძიმე დაზიანებით გარდაიცვალა და რომ მას თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდა. გაბუნიას თქმით, პაციენტმა პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ეტაპი რეალურად გაიარა. მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ყველა შემთხვევას სწავლობს და ამ კონკრეტულ შემთხვევას აუდიტის ჯგუფიც შეისწავლის.

ბათუმში კორონავირუსით 31 წლის ქალი გუშინ, 3 დეკემბერს გარდაიცვალა.

4 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 5 068 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა — 2 336, ხოლო გარდაიცვალა 38 ადამიანი.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 152 704-ს, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 126 904-მდე. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 425 გარდაცვალების შემთხვევა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share