"ახალ მერთან გადასარევად ვაპირებ მუშაობას"-გოგა ტრაპაიძე
ავტორი: გურიის მოამბე
"ახალ მერთან გადასარევად ვაპირებ მუშაობას"-გოგა ტრაპაიძე

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორი, გოგა ტრაპაიძე "გურიის მოამბესთან" საუბრისას აცხადებს, რომ მას ახლადარჩეულ მერთან მუშაობის პრობლემა არ ექნება და უფრო მეტიც, მასთან თანამშრომლობას გადასარევად გააგრძელებს. 

დასმულ კითხვაზე, უქმნის თუ არა მას დღეს უხერხულობას მიმდინარე წლის მარტის თვეში მუზეუმიდან თანამშრომელთა განთავისუფლების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, მით უფრო როცა სამსახურის გარეშე დარჩენილები ღიად ადანაშაულებდნენ მას მაშინდელი ქალაქის მერის, ბეგლარ სიორიძის უხმო მორჩილებასა და უშუალოდ მისი დავალების შესრულებაში, ტრაპაიძე გვპასუხობს, რომ არანაირი დავალება მას არ მიუღია და ამ ადამიანების გაშვება შემცირებულმა ბიუჯეტმა განაპირობა: " მე გეუბნებით თქვენ, რომ 2016 წელთან შედარებით,  2017 წლის ბიუჯეტი იყო შემცირებული. ამან გამოიწვია რეორგანიზაცია და მოხდა კადრების შემცირება. გარდა ამისა, ამას დაემატა ისიც, რომ მუზეუმი ამ ეტაპზე თავის ფუნქციას ვერ ასრულებდა. არ მუშაობდა საექსპოზიციო დარბაზები. არ იყვნენ დაკავებულები ექვსკურსია მძღოლები,  დარბაზის მსახურები და ამიტომ ამ ეტაპზე გაკეთდა აქცენტი ამ მიმართულებით.

-განსხვავებული ვერსიები ჰქონდათ მაშინ თქვენს ყოფილ თანამშრომლებს, ისინი ღიად გადანაშაულებდნენ რომ ქალაქის მერის, ბეგლარ სორიძის მოთხოვნებს უხმოდ დაემორჩილეთ. როცა შემცირებულ ბიუჯეტზე საუბრობთ, მათ ჰქონდათ კითხვები, რატომ დატოვეთ ის ახალი კადრები, ვისაც შესაბამისი გამოცდილებაც არ ჰქონდათ, მაგრამ, იყვნენ სიორიძესთან დაახლოებული პირები, გარდა ამისა, ხაზს უსვამდნენ ჩვენთან საუბარში იმას, რომ თქვენ ჯეროვნად ვერ ასრულებდით თქვენს ფუნქციებს, რაც მუზეუმში არსებული პრობლემებიდანაც კარგად ჩანდა...  

- არ ყოფილა ამაში არავითარი ჩარევა, გეუბნებით, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე ბიუჯეტის სიმცირის გამო.

_ ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ერთ-ერთი მათგანი ქეთევან ჭეიშვილი სცნო სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებულად, თუ მოხდა მისი სამსახურში აღდგენა სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად? 

- არა, იმიტომ, რომ გასაჩივრებული გვაქვს ეს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. სულ სამმა თანამშრომელმა გააპროტესტა სასამართლოში გადაწყვეტილება,  ორმა ვერ მოიგო პროცესი, რადგან  სასამართლომ გამოიტანა ასეთი განაჩენი, რომ რეორგანიზაცია ჩატარებულია კანონის ფარგლების სრული დაცვით. ორი თანამშრომელი პირველივე ეტაპზე გამტყუნდა, ხოლო ერთის სარჩელი დაკმაყოფილდა  იმის გამო, რომ სხვებთან  შედარებით იყო წარმოდგენილი რაღაც უპირატესობის ნიშნები. გავასაჩივრეთ ეს განაჩენი, რადგან  იქ თუ რაიმე აკლდათ მტკიცებულებების სახით და ვერ მოვახერხეთ წარდგენა, ახლა წარმოვადგენთ სააპელაციოში. თხუთმეტ დეკემბერსაა მემგონი სასამართლო პროცესი ჩანიშნული. 

ახალ მერთან როგორ წარმოგიდგენიათ თანამშრომლობა და თუ ხართ დარწმუნებული, რომ კოტე შარაშენიძესთან არ გექნებათ პრობლემა დაკავებული თანამდებობის შენარჩუნების კუთხით? მას არა ერთხელ აღუნიშნავს საუბარში, რომ დაემშვიდობება თანამდებობას ყველა, ვინც ჩართული იყო პოლიტიკურ პროცესებში და განსხვავებული აზრის გამო პრობლემებს უქმნიდა თანამშრომლებს....

_ ეს ბატონი მერის გადასაწყვეტია, მე რა თანამდებობაზე ვიქნები. ჩემი მხრიდან,  გადასარევად ვაპირებ ახალ მერთან თანამშრომლობას.  მე ბატონ კოტესთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. მასთან ვიმუშავე ორი წელი და ახლაც შემიძლია ვიმუშაო. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და კარგი დამოკიდებულება. დანარჩენი მისი გადასაწყვეტია.

ცნობისთვის: "გურიის მოამბესთან" ისტორიული მუზეუმიდან განთავისუფლებული თანამშრომლები მაშინ გოგა ტრაპაიძეს ბეგლარ სიორიძის დავალების შემსრულებლად მოიხსენიებდნენ და მუზეუმში არსებულს რამდენიმე პრობლემებზეც საუბრობდნენ: 

"„ფულის გათეთრების მეტი არაფერი არ კეთდება დღეს. ბოლო წლებში სამჯერ გადახურეს მუზეუმი და მაინც წყალი ჩამოდის. ექსპონატები სეიფებში  შეიძლება ინახებოდეს? აქ ოქროზე კი არ არის საუბარი, ან ძვირფას ნივთებზე, ხელოვნების იმ ნუმუშებზეა საუბარი, რომელსაც სპეციალური საცავები და კონდიცირება სჭირდება. ბიუჯეტი შეგვიმცირესო რომ ამბობს, რატომ დატოვეს მაგალითად მისი მოადგილის შტატი? 80-წლიანი არსებობის მანძილზე, არასოდეს დირექტორს მოადგილე არ ჰყოლია მუზეუმში, ის დაუნიშნეს 2 წლის წინ და ორჯერ ჩვენზე მაღალი ხელფასი აქვს. მაგრამ ის დატოვეს იმიტომ, რომ ქალაქის მერის ინტერესების გამტარებელია. დიახ, ასე ხდება გადაწყვეტილებების მიღება.  270 ლარს ვიღები თვეში და ასე იყვნენ დანარჩენებიც, ზოგს ნაკლები ჰქონდა, ამით დაზოგეს ფინანსები? ეს გაჭირვებული კაცისთვის ნიშნავდა რაღაცას, თორემ მაგათთვის ეს არის ერთი კაფეში შესვლა. ამიტომაც ვერ ხვდებიან, რა უჭირს საზოგადოებას. შემცირება ერთია დადამცირება მეორე35 წელი ვიმუშავე მუზეუმში. კითხეთ ერთი ბატონ გოგას, თემებზე არ ვმუშაობდი? ექსკურსიებს არ ვაწყობდი? რამე მეშლებოდა? ნაყიდი დიპლომებით რომ უზის იქ თანამშრომლები, ისინი თუ აკეთებენ იმაზე მეტს? წინასაარჩევნოდ ვინც შემოყარეს მაქ, ისინი დატოვეს და ჩვენ ძველი თანამშრომლები გამოგვისტუმრეს სახლში. ასოებს რომ ეძებს კომპიუტერზე იმას თურმე ტექნიკური სამსახური ჩააბარეს. ფეისბუკში შესვლაა კომპიუტერის ცოდნა? მაგრამ, ის იმ კაცის ცოლია, ვინც ადგილობრივ ხელისუფლებასთან მეგობრობს"-აცხადებდა ქეთევან ჭეიშვილი.

ღიად ადანაშაულებდა ქალაქის მაშინდელ მერს კიდევ ერთი განთავისუფლებული თანამშრომელი მაია თოხაძეც, რომელიც მუზეუმში მათი შემცირების ხარჯზე დარჩენილ ახალ თანამშრომლებს სიორიძის ფავორიტებად მოიხსენიებდა: 

"ოზურგეთის მერის ბეგლარ სიორიძის მფარველობის ქვეშ მყოფი მეორე პიროვნება კი მისი მეზობელია, სოფო კალანდაძე 2014 წელს შტატის უფუნქციობის გამო დირექტორმა შეამცირა , მაგრამ მერის დავალებით ისევ აღადგინეს თანამდებობაზე. მისი „შრომისნაყოფიერება“ მუზეუმის წარმატების განმაპირობებელი აღმოჩნდა (!?). იგი აპრილიდან სექტემბრამდე სამუშაო პერიოდს ურეკში გამართულ ოჯახურ ბიზნესს უთმობს, ხოლო სამსახურში მის არყოფნას ბოხვაურის ამბულატორიიდან ( ცხოვრობს ოზურგეთში, ფარნავაზ მეფის #107-ში) , მისი მეგობრის ნ.ცხვედიანის მიერ გაცემული ბიულეტინის საშუალებით „აპრავებს“ მანველიტა მენაბდე მუზეუმის  „სოციალური ხარჯებიდან“.

 

მერის მესამე ფავორიტი ინგა აროშიძე 2016 წლის 10 ოქტომბერს დაინიშნა საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად. იგი მერის მეგობრის მეუღლეა. რეორგანიზაციის შემდეგ შექმნილ შტატზე კომპიუტერის სპეციალისტად სწორედ ის აიყვანეს, არის 46 წლის, არანაირი სამუშაო გამოცდილება არ აქვს., არ ფლობს საოფისე პროგრამებში მუშაობის უნარებს. მუზეუმში კი მაშინ მოვიდა როცა დასაჯდომი ადგილიც კი არ გვქონდა და ღია ცის ქვეშ აღმოვჩნდით ნოემბერ-დეკემბრის თვეებში, სანამ სახელდახელო „ ოთახებს“ არ გააკეთებდნენ სამოწყალოდ „ფოლკლორის ცენტრის“ მშენებლები. როდის მოასწრო განსაკუთრებული უნარების გამოვლენა არავინ იცის, თუმცა დირექტორი მოადგილე მანანა მენაბდე ისე აღაფრთოვანა ინგა აროშიძის მიერ სკამის გათბობამ, რომ მას კარგა ხანია „მუზეუმის მონაპოვრად“ მოიხსენიებს.

ვინმე დაიჯერებს, რომ ამას მუზეუმის დირექტორი თითნებურად აკეთებს? ის ხომ მხოლოდ იმიტომ ინარჩუნებს სავარძელს, რომ ინიუციატივა და საკუთარი აზრის გამოხატვის გამბედაობა არ აქვს და უსიტყვოდ ასრულებს „ზემდგომის“ ბრძანებებს"-გვითხრა მაშინ  მაია თოხაძემ. 

თავად მუზეუმის დირექტორმა კი ყოფილი თანამშრომლების პროტესტს მაშინ ამ კომენტარით უპასუხა: 

„ეს გადაწყვეტილება მივიღე მე და არც ერთი თანამშრომელი არ დაგვიტოვებია ისეთი, ვისაც არ ჰქონდა შესაბამისი გამოცდილება. ყურადღება მივაქციე უცხო ენის ცოდნას, კერძოდ რუსულის და კომპიუტერულ პროგრამებს. ქალბატონი ქეთევანი იყო გამოცდილი კადრი, მაგრამ ის, ვინც დარჩა, გაცილებით უკეთესად ფლობს რუსულ ენას, მუშაობს პროექტებზე. მუსიკალური განათლება აქვს ერთს, მაგრამ ის კარგად ფლობს კომპიუტერულ პროგრამებს.  რაც შეეხება ქალაქის მერის ჩარევას ამ საკითში, ეს არ შეესაბამება სიმართლეს“-გვითხრა ტრაპაიძემ.


'.$TEXT['print'].'