საქართველოს ხელისუფლებას ჩემი ეშინია, როგორც ეშმაკს ჯვრის-სააკაშვილი
ავტორი: გურიის მოამბე
საქართველოს ხელისუფლებას ჩემი ეშინია, როგორც ეშმაკს ჯვრის-სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან საქართველოში მის ექსტრადირებას არ ელოდება. 
„სასაცილოდ არ მყოფნის. საქართველოს ხელისუფლებას ჩემი ეშინია, როგორც ეშმაკს ჯვრის. ჩემი ექსტრადირების სურვილი რომ ჰქონოდათ, ამას ჯერ კიდევ გუშინ გააკეთებდნენ. თავიდანვე ვამბობდი, რომ საქართველოსა და უკრაინას ჩემ წინააღმდეგ სერიოზული ბრალდებები არ აქვთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეარხ NewsOne-სთვის მიცემულ ინტერვიუში. 

სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნას ხელისუფლების მხრიდან აგორებულ ტყუილს უწოდებს ნინო ბურჯანაძე:

”ბიძინა ივანიშვილს გაკოტრებული სააკაშვილისაც კი ეშინია. თავიდანვე ცხადი იყო, ის საქმეები, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ აღიძრა სრულიად ნათლად აჩვენებდა, რომ ბიძინა ივანიშვილს სააკაშვილის არც დაპატიმრება უნდოდა და არც საქართველოში მისი დაბრუნება. ექსტრადირების მოთხოვნა რეალური რომ ყოფილიყო, სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა სხვა სახეს მიიღებდა. მაშინ 2008 წლის აგვისტოს ომთან და 2011 წლის 26 მაისთან დაკავშირებით უნდა აღეძრათ საქმე. ეს არ გააკეთეს. დაგვცინეს და საქმეები აღძრეს სააკაშვილის „პალტოებთან“ და პიჯაკებთან დაკავშირებით. ასეთ საქმეებზე კი პრეზიდენტებს არ გადმოსცემენ. ჩვენს ხელისუფლებას შეეშინდა, რომ თუ კი სააკაშვილის ექსტრადირება მოხდებოდა, ეს გამოიწვევდა სერიოზული პოლიტიკური პრობლემებს. იმდენი კი ესმით, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პრობლემის მოგვარების თავი არ აქვთ. ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს და სამწუხაროდ, სრულიად საქართველოს ყავს უსუსური, არაფრის მაქნისი და მატყუარა ხელისუფლება”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

"ჩემი დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ იცით. ადამიანს, რომელსაც პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში ჰქონდა 9 წლიანი დიქტატურა, ტოტალური კონტროლი და მიუხედავად ამისა, მან არჩევნები წააგო, ადამიანი, რომელიც წავიდა უკრაინაში და მესიის ამბიციები ჰქონდა, სულ რაღაც რამდენიმე წელში იქედან გააგდეს. მე უბრალოდ არ მინდა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ასეთი იმიჯი ჰქონდეს. ის ქართული მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარსდგება, ამის გარანტიას გაძლევთ ჩვენი ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი. თუ როგორ, რანაირად, ეს დროის ფაქტორია, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ შემთხვევაში ქვეყნის იმიჯი უფრო მაინტერესებს, ვიდრე ერთი ადამიანის, ან ერთი პოლიტიკოსის ბედი", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

'.$TEXT['print'].'