„სირცხვილი უკრაინის ხელისუფლებას იმ გაყალბებული საქმის გამო"
ავტორი: გურიის მოამბე
„სირცხვილი უკრაინის ხელისუფლებას იმ გაყალბებული საქმის გამო"

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრული საქმის შეჩერებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებას თავისი ქმედებების უნდა სცხვენოდეს. როგორც სააკაშვილი აცხადებს, ის მზადაა უკრაინაში დაბრუნდეს და თავისი უდანაშაულობა ბოლომდე დაამტკიცოს. „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი პირობას დებს, რომ თავისი სიმართლის დამტკიცების შემდეგ ის იმ პირების ციხეში ჩასმისთვის იბრძოლებს, რომლებმაც მის წინააღმდეგ ყალბი საქმე შექმნეს:

„სირცხვილი უკრაინის ხელისუფლებას იმ გაყალბებული საქმის გამო, რომელიც ახლა შეაჩერეს. უნდა სცხვენოდეთ არა მარტო მათ, არამედ იმ ზოგიერთ ფსევდოოპოზიციონერსაც, რომლებიც სამარცხვინოდ გაჩუმდნენ, როდესაც მე ცილს მწამებდნენ, დამიჭირეს და სასამართლოებში დამათრევდნენ! სწორედ ასეთ ყალბ „ოპოზიციონერებზე“ ინარჩუნებენ თავს ბარიგები.

არა, ახლა მე ვითხოვ ამ „შეჩერების“ გაუქმებას და ასევე უკრაინაში დაბრუნების შესაძლებლობის მიცემას, იმისთვის რომ თავი ბოლომდე დავიცვა, შემდეგ კი ლუცენკოს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის და დამნაშავე პროკურორების გოვორუშაკის, დომბროვსკის, კულიკას, ლუპას და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების ციხეში ჩასმას შევეცდები.“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ოდესის ოფილი გუბერნატორის წინააღმდეგ გამოძიება შეაჩერა.

რუსლან ჩერნოლუცკის განმარტებით, სამართალწარმოების შეჩერებით, რომლის მიხედვით ბრალდების მხარე პარტია “ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერს დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას ედავება, უწყებამ წაყენებული ბრალდებების უსაფუძვლობა დაამტკიცა. პროკურატურის განმარტებით კი გამოძიების შეჩერება საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, პროცესუალური ქმედებების შესრულების აუცილებლობამ გამოიწვია.

'.$TEXT['print'].'