რას გვიყვებიან სკოლაში 13 წლის მარიამზე, რომელიც გუშინ მომხდარ ავარიას ემსხვერპლა
ავტორი: გურიის მოამბე
რას გვიყვებიან სკოლაში 13 წლის მარიამზე, რომელიც გუშინ მომხდარ ავარიას ემსხვერპლა

გუშინ ღამით, ოზურგეთი-ბაილეთის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 13 წლის მარიამ ჩხარტიშვილი ადგილზევე გარდაიცვალა. 

მარიამი ავტომანქანაში, რომელსაც მისი ძმა მართავდა და გზიდან სამ მეტრში გადავარდა, დედასთან და 4 და-ძმასთან ერთად იმყოფებოდა. 

მეშვიდე კლასელი გოგონა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთის საჯარო სკოლაში სწავლობდა.

"დღეს მთელი სკოლა გლოვობს მარიამს"-გვითხრა  დირექტორმა, მზევინარ ხავთასმა, რომელიც "გურიის მოამბესთან" სკოლის ერთ-ერთ  გამორჩეულ მოსწავლეს ასე იხსენებს: 

"მეშვიდე კლასში სწავლობდა მარიამი. აი, რა გითხრათ? არაჩვეულებრივი ბავშვი. ღმერთი თუ რამეს კარგს და საუკეთესოს მისცემს ადამიანს, ამ ბავშვში იყო ყველაფერი ერთად. ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული, დინჯი.

13 წლის ბავშვი ისე აზროვნებდა, როგორც ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანი. საოცარი გონების ბავშვი იყო. ოჯახი მრავალშვილიანია, ამ ბავშვს უხდებოდა დედის დახმარება. ბოლო გაკვეთილზე სპორტი, ან ხელოვნება რომ ჰქონდათ, მთხოვდა-გამიშვი სახლში, დედას უნდა დავეხმაროო. თავისი ძმები ბაღშიც დაჰყავდა. იცით როგორი მოწესრიგებული ბავშვი იყო? სულ ლამაზად ჩაცმული, სუფთა. კარგად სწავლობდა. არაჩვეულებრივად ცეკვავდა და მღეროდა. ყველა ღონისძიებაზე წამყვანი იყო. 

ძალიან მეგობრული. სულ 70 ბავშვი სწავლობს ჩვენს სკოლაში და ერთი ოჯახივით შეკრულია ყველა. მარიამი ძალიან უყვარდა ყველას  და გულში იხუტებდნენ. განადგურებულები არიან ბავშვები. ხმით ტიროდნენ მთელი დღე, ვერ ვამშვიდებდით. 

ძალიან მორწმუნე ბავშვი იყო. შაბათ-კვირას სულ ეკლესიაში იყო, არ ვიცი, რა გითხრათ სხვა. ეს არის ჩვენი ყველას ძალიან დიდი ტრაგედია. მარიამის გარეშე სკოლა უბრალოდ ვერც წარმომიდგენია"-გვიყვება ბაილეთის საჯარო სკოლის დირექტორი, მზევინარ ხავთასი.

'.$TEXT['print'].'