"შევარდანაძის დროში ვართ"-სად "იპარება" დილიდან საღამომდე შუქი ლანჩხუთში
ავტორი: გურიის მოამბე
"შევარდანაძის დროში ვართ"-სად "იპარება" დილიდან საღამომდე შუქი ლანჩხუთში

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აკეთის თემის მოსახლეობას უკვე რამდენიმე თვეა უშუქობის პრობლემა აწუხებს.

ამის შესახებ  "გურიის მოამბეს" ადგილობრივები ტელეფონით დაუკავშირდნენ და საკითხის  გარკვევაში, თუ რატომ დაუბრუნდა აკეთი შევარდნაძის დროს, გარკვევა სთხოვეს. 

"შევარდნაძის დროში ვართ, შუქი დილით რომ გაითიშება, საღამომდე არ მოდის. ეს გრძელდება გასული წლიდან. არჩევნების შემდეგ აკეთში სულ პრობლემაა. წარმოგიდგენიათ, თითქმის ყოველ დღე დილიდან საღამომდე შუქი არ გვაქვს. მაგალითად, გუშინ საღამოს 11-ის წუთებზე რომ წავიდა, დღეს ჩაირთო პირველის  ნახევარზე. არსად ლანჩხუთის არც ერთ სოფელში ასეთი მდგომარეობა არ არის. ჩვენ რა დავაშავეთ? უგზობა, უშუქობა, უწყლობა, უყველაფრობით დაგვაწყდა უკვე ნერვები. 

ხან მოვა სმს შეტყობინება, რომ გეგმიური სამუშაოებია, მაგრამ ასე სიტემატურად? ჩვენ ვესაზღვრებით ჩოხატაურის სოფელს, ზომლეთს, იქ  სულ შუქია. ანუ, რა გამოდის? ჩოხატაურში გაცილებით მოწესრიგებულია სიტუაცია ამ მხრივ, ვიდრე ლანჩხუთში? ვრეკავ ცხელ ხაზზე და რობოტებივით სულ ერთს და იმავეს  მიმეორებენ,   გეგმიური გამორთვაა. აქ დავრეკე "ენერგო  პრო ჯორჯიას" მენეჯერთან და ელექროსადენებია მოძველებულიო. ლანჩხუთის მერს დავურეკე გუშინ  და აღარც მახსოვს მერამდენედ. მითხრა-დღეს მამაჩემის იუბილეა და მილოცვა მაინც მაცალე, ნუ ნერვიულობთ ასეო. 

ერთი დღით რომ დაგვაგვიანდეს შუქის ფულის გადახდა, 2 ლარს მაშინვე  გვიწერენ ჯარიმას და მათი პასუხისმგებლობის ქვეშ რაც არის, იმის მოგვარება არ აინტერესებთ. თემის ყველა სოფელში ასეთი მდგომარეობაა. მოსახლეობა ძალიან გაბრაზებული და განაწყენებულია. პატრონი არ უნდა გვყავდეს  ვინმე? ეს არც პოლიტიკური განცხადებაა და არც ხელისუფლების მისამართით პროტესტი, მაგრამ, ასე ეთამაშო ადამიანებს ნერვებზე, უკვე მეტისმეტია"-გვითხრა სატელეფონო საუბარში ადგილობრივმა გულიკო ჩიჩუამ.

იცის თუ არა აკეთელების პრობლემის შესახებ ლანჩხუთის მერმა და რა ინფორმაციას ფლობს შექმნილი პრობლემის შესახებ, "გურიის მოამბემ" ამ კითხვებით ალექსანდრე სარიშვილს დაუკავშირდა. 

როგორც ლანჩხუთის მერი გვიხსნის, შუქის გამორთვა სოფელში სისტემატურად არ ხდება, მისივე თქმით, იყო გარკვეული პრობლემები, რომელიც უკვე მოგვარებულია: "ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შუქი სოფლებს სისტემატურად არ მიეწოდებოდეს. მე როგორც ვიცი, ეს ხდება მხოლოდ გეგმიური გამორთვის დროს და ამის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია აქვს. დღესაც მოვიკითხე "ენერგო პრო ჯორჯიაში" ამის შესახებ და მითხრეს, რომ იზოლატორი იყო დაზიანებული, რომელიც  უკვე შეაკეთეს. აკეთში არის ასევე მორიგე ოპერატორის პრობლემა. ვინც მუშაობდა ის გაანთავისუფლეს და ვთხოვე ცენტრში, რომ იქნებ დაჩქარებული წესით მოხდეს, ახალი კადრის დანიშვნა. მითხრეს, რომ უახლოეს დღეებში ესეც მოგვარდება"-გვითხრა ლანჩხუთის მერმა. 

"გურიის მოამბე" ასევე დაუკავშირდა "ენერგო პრო ჯორჯიას" ლანჩხუთის ცენტრის მენეჯერს, მირზა მესხორაძეს. როგორც ის ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, გუშინ საღამოს შუქის გამორთვა მაღალი ძაბვის იზოლატორის დაზიანებამ გამოიწვია, რომელიც უკვე შეაკეთეს: "არ არის მასეთი მძიმე სიტუაცია სოფელში, როგორც თქვენთან საუბრობენ. განაწყენებულია ეტყობა მოსახლეობა გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის ყურება ვერ შეძლეს. ამის მიზეზი იზოლატორის დაზიანება იყო. რაც უკვე შეკეთებულია. აკეთში პრობლემა გვაქვს ისიც, რომ არ არის მორიგე ოპერატორი. ვინც მუშაობდა, იმას რაღაც შეცდომა მოუვიდა და გაუშვეს. ახალს როცა დანიშნავენ, ოპერატიულობის პრობლემაც მოგვარდება"-გვითხრა მესხორაძემ.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ჩვენთან კომენტარი გააკეთა "ენერგო პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა, ეკა ურიდიამ. 

"წუხელ აკეთში ელექტროენერგიის გამორთვა გამოწვეული იყო ტექნიკური დაზიანებით. დღეს, ადრე დილით ეს პრობლემა მოგვარდა და ამ წუთებში სოფელს ელექტროენერგია მიეწოდება. რაც შეეხება სხვადასხვა დროს ჩატარებულ გეგმიურ სამუშაოებს, ამის თაობაზე მოსახლეობა არის ინფორმირებული, როგორც სმს შეტყობინებებით, ასევე მედიაში გავრცელებული ინფორმაციით"-აღნიშნა ეკა ურიდიამ. 

'.$TEXT['print'].'