ხელისუფლებას ჩვენ სულელები ვგონივართ, ისე იქცევიან, თითქოს ყველაფერი კარგადაა“-აქცია ლანჩხუთში
ავტორი: გურიის მოამბე
ხელისუფლებას ჩვენ სულელები ვგონივართ, ისე იქცევიან, თითქოს ყველაფერი კარგადაა“-აქცია ლანჩხუთში

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილში დღეს ადგილობრივებმა აქცია გამართეს. უგზობა, უწლობა, უგაზობა და მძიმეწონიანი მანქანებისგან საცხოვრებელ სახლებში გაჩენილი ბზარები-მოსახლეობა ხელისუფლებას ცრუ დაპირებებსა და არასწორად, ზედმეტი ფულის შევნის მიზნით ზედაპირულად წარმოებულ სამუშაობეში სდებს ბრალს. მეწყრულ ზონაში მცხოვრები 12 ოჯახი, რომელიც ერთნაირად მძიმე მდგომარეობაშია,  ხელისუფლებისგან სასწრაფო რეაგირებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გზის გადაკეტვით და არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებით იმუქრებიან:  

„უბრალოდ მოვლენ, ზემოდან გადააწებებენ ასფალტს, ან მოხრეშავენ. რაშინ უამრავი თანხა იხარჯება და შედეგი არაფერი არ არის.  თუ აქ ისე არ გააკეთებენ გაბიონებს, როგორც საჭიროა, ისეთ მდგომარეობაში ჩავარდება ეს სახლები, მერე კომპენსაციების გადახდა მოუწევს მთავრობას“-გვეუბნებიან აქციაზე შეკრებილები.  

"ეს პრობლემა გრძელდება წლების განმავლობაში, კოსმეტიკურ შერემონტებას შედეგი ის აქვს, რომ სახლები არის დაბზარული. ეს ყველაფერი გამოიწვია მძიმეწონიანი მანქანების მასიურმა სიარულმა. ამის შემდეგ გაჩნდა პრობლემები. ფასადურად ნუ უდგებიან ამ საკითხს"-ამბობს დარეჯან გიგინეიშვილი.

"გზა ჩანგრეულია, ღობე მიწამ ჩაიტანა, სახლი დაბზარულია, წყალი მოედინება და ჩვენს ეზოებში ჭაობდება მერე. წაღებულია მთელი ხევი. აქ უნდა გაკეთდეს საძირკველის გამაგრება და გაბიონები. იკვლევენ და იკვლევენ. არასწორი დაგეგმარებაა და ჩვენ ამასობაში დაგვენგრა სახლები თავზე. 12 ოჯახი აქ ასეთ მდგომარეობაში ვართ. აქედან 5 არის კატასტროფულ მდგომარეობაში. ჩემი გაკეთებული რაც იყო, ის დამინგრიეს. ამას მოხედონ დროზე. დაპირებებიო და მოტყუება არ გვარგებს ჩვვენ. გადავკეტავთ ამ გზას და ბოკოტს გამოვუცხადებთ არჩევნებს. არც თხილი, არც ხილი, ზარალი ზარალზე გვაქვს"-აღნიშნა შუქრი მარგალიტაძემ.

"წელს გაჩნდა ეს ბზარები, ამ მანქანების სიარულმა დაგვღუპა ხალხი. ნახევარი საუკუნეა აქ ვცხოვრობ და ახლა იძულებული ვარ აქედან ავსახლდე. ჩემი შვილები გაიქცნენ აქედან, სახლი როდის ჩამომენგრევა თავზე ეს არ ვიცი. რა ვქნათ? სამსახური ჩვენ არ გვაქვს და ხელფასი, რითი გავამაგროთ? ან განსახლების პროგრამაში ჩამსვან, ან ეს სახლები გაგვიმაგრონ. მთავრობამ რამე ქნას. უყურადღებობამ დაგვღუპა ჩვენ"-გვითხრა მაგილი იმნაძემ.

გარდა ავარიული გზისა და მძიმეწონიანი მანქანების ინტენსიური მოძრაობის შედეგად სახლებზე გაჩენილი ბზარებისა, ადგილობრივებს სხვა პრობლემებიც მრავლად აქვთ. როგორც ისინი ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, სოფლიდან მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის და უყველაფრობის გამო ახალგაზრდები მიდიან და შესაძლოა, მასე მთლიანად დაიცალოს.

უგზობასთან ერთად აქურებს უწყლობა და უგაზობაც აწუხებთ:

"წყალი არ გვაქვს. პატარა მილები გამოიყვანეს, რომელიც წყალს საერთოდ ვერ ატარებს.,. ჩვილი ბავშვები გვყავს სახლში და გაჭირვებულ მდგომარეობაში ვართ. ვათრევთ ამ ბოცებს ხელით, ხან მანქანით და ვართ ასე"-.ა,ბობს ჟულიეტა არველაძე.

"ყველაფერი მომსპარია, ცალკე ფაროსანამ შეგვჭამა და ცალკე მთავრობის უყურადღებობამ. რა განსაკუთრებულლი უბანი ვართ ასეთი, რომ არავის ჩვენი მოხედვა არ ევალება? უკიდურეს ზომაზე ვართ მისული. არ მოგვხედავენ ახლა? მერე ჩვენ ვიცით რასაც ვიზამთ. ამ გზაზე მანქანა კი არ ივლის, ჩვენ დავდგებით და ჩავკეტავთ"-ამბობს თამრიკო ნემსაძე.

ანა რამიშვილი: "ისეთ რამეს უშვებენ ფაროსანას კი არა, ჩვენ გვსპობს ხალხს, თორემ ისინი მრავლდებიან. ყველაფერს არასწორად აკეთებენ. დაგვწყვიტეს ხალხი გადამწვარი სალიარკის სუნით. იცი როგორ ვართ? აი თვალებს რომ აგიხვევენ და ვერაფერს ვერ ხედავ, თითქოს ყველაფერი კარგადაა, ისე გვექცევიან. ვითომ ჩვენ აქ სულელები ვცხოვრობდეთ და ვერ ვარჩევდეთ, რა არის კარგი და ცუდი. რა კეთდება დ  რა არა.

აქციაზე იმყოფებოდა სოფლის მაჟორიტარი დეპუტატიც, რომელიც ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მოსახლეობის მოთხოვნები აბსოლუტურად საფუძვლიანია, ეს იცის ადგილობრივმა ხელისუფლებამაც, თუმცა ჯერ- ჯერობით შექმნილი პრობლემის მოსაგვარებლად არაფერი გაკეთებულა:

„ნინოშვილის მოსახლეობა აპირებს გზის გადაკეტვას. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს დაახლოებით ერთკილომეტრიან მონაკვეთზე შეიქმნა მეწყრული ზონა,. ის სამსახურები, რომლებსაც ევალებათ ამის გაკეთება, ზედაპირულად უდგებიან საკითხს და აკეთებენ კოსმეტიკურ შეკეთებას. მხოლოდ ზემოდან გადააკრავენ ასფალტს. ეს მონაკვეთი უნდა გამაგრდეს, მოეწყოს გაბიონები. ერთხელ და სამუდამოდ ეს კაპიტალურტად ხომ უნდა გაკეთდეს? მე ვესაუბრე ადგილობრივი ხელისუფლების წევრებს, მერიც იყო აქ და ყოფილი გუბერნატორიც. გვითხრეს გავაკეთებთო, მაგრამ ისევ კოსმეტიკური რემონტი დაიწყეს.-გვითხრა ლანჩხუთის საკრებულოში,ნინოშვილის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ჩხარტიშვილმა.

სოფელ ნინოშვილში,  ადგილობრივების მხრიდან ჩატარებული ეს უკვე მერამდენე აქციაა. მოსახლეობის მოთხოვნები ბოლო ორი წელია არ იცვლება, რადგან ამ პერიოდში მათთვის არც არაფერი გაკეთებულა. მართალია, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მძიმეწონიანი მანქანები უკვე აღარ ეზიდებიან ინერტულ მასალებს, რადგან კონკრეტული სამუშაოები უკვე დასრულდა, თუმცა, მათ მიერ დატოვებულმა მძიმე კვალმა ადგილობრივები შესაძლოა უსახლკაროდ დატოვოს.

 


 

'.$TEXT['print'].'