ევროპის საბჭომ, დე ფაქტო ხელისუფლებების კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე, მონიტორინგის შეუზღუდავ წვდომაზე, რეზოლუცია მიიღო
ავტორი: გურიის მოამბე
ევროპის საბჭომ, დე ფაქტო ხელისუფლებების კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე, მონიტორინგის შეუზღუდავ წვდომაზე, რეზოლუცია მიიღო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო ევროპის საბჭოსა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ორგანოების მიერ ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში, მათ შორის ე.წ. „ნაცრისფერ ზონებში“ შეუზღუდავ წვდომაზე.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „ასამბლეა მიესალმება იმ შეთხვევებს, როდესაც ევროპის საბჭომ და გაერო-ს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ორგანოებმა მოიპოვეს წვდომა „ნაცრისფერ ზონებში“ (სახელმწიფოების ტერიტორიები, რომლებიც დე ფაქტო ხელისუფლებების კონტროლის ქვეშ არის)“.

„აღნიშნული ხაზს უსვამს იმას, რომ ამგვარი საქმიანობა ითხოვს კონსტრუქტიულ დამოკიდებულებას, როგორც ცენტრალური დე იურე და ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლებების მხრიდან. კერძოდ, დე იურე ხელისუფლებამ უნდა დაუშვას სათანადო დიალოგი მონიტორინგის ორგანოსა და ადგილობრივ დე ფაქტო ხელისუფლებას შორის, ხოლო დე ფაქტო ხელისუფლება უნდა დაეთანხმოს მინიტორინგის ორგანოს ვიზიტს“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუცია ასევე აღნიშნავს, რომ ასამბლეა განსაკუთრებით მიესალმება წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის აღკვეთის ევროპის საბჭოს ევროპული კომიტეტის ვიზიტებს დნესტრისპირეთში და აფხაზეთში და შესაბამის დე ფაქტო ხელისუფლებებს მოუწოდებს მოლდოვასა და საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებებთან ერთად იმუშავონ აღნიშნულ ტერიტორიებზე წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის აღკვეთის ევროპის საბჭოს ევროპული კომიტეტის მონიტორინგის განახლებაზე.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, ითანამშრომლოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის აღკვეთის ევროპის საბჭოს ევროპულ კომიტეტთან.

'.$TEXT['print'].'