"ზურაბიშვილს მეფის სასახლის გარდა, სხვაგან არ ეკადრება ინაუგურაციის ჩტარება"
ავტორი: გურიის მოამბე
"ზურაბიშვილს მეფის სასახლის გარდა, სხვაგან არ ეკადრება ინაუგურაციის ჩტარება"

ექსპერტ ნიკა ჩიტაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ინტერესი შეიძლება იყოს, რომ ინაუგურაცია მეფის სასახლეში ჩატარდეს და მას სხვა შენობაში ამის ჩატარება არ ეკადრება. ამის შესახებ ჩიტაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში, პრეზიდენტის ინაუგურაციის ადგილად თელავის შერჩევის კომენტირებისას განაცხადა.

„ოფიციალურად კი დადასტურდა, რომ თელავში სალომე ზურაბიშვილმაარჩევნები წააგო, მაგრამ ასეთი ნაბიჯის მიზანი, ალბათ, გახლავთ ის, რომ, პირველ რიგში, არ ჩატარდეს ინაუგურაცია თბილისში, ვინაიდან 16 დეკემბერს შესაძლებელია მასობრივი დემონსტრაცია მოეწყოს. ალბათ, ეს არის მთავარი ფაქტორი, რომ ხელისუფლება, გარკვეულწილად უფრთხის თბილისში ჩატარებას. იყო რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის ფოთი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ბაბუის სამშობლოა, და თელავი, თითქოს იმიტომ, რომ იქ ხმა არ მისცეს. ეს არის სიმბოლური ჟესტი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, რომელიც თითქოს ადასტურებს პატივისცემას ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მიმართ. გარდა ამისა, მეფის ერთადერთი სასახლე საქართველოში შემორჩენილია მხოლოდ თელავში. ამ ნაბიჯის კიდევ ერთი დატვირთვა შეიძლება იყოს ის, რომ ამ შემთხვევაში ზურაბიშვილის ინტერესი იყოს, რომ მეფის სასახლეში ჩატარდეს ინაუგურაცია და მას სხვა შენობაში ამის ჩატარება არ ეკადრება“, - განაცხადა ჩიტაძემ.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი მის მიმართ თელაველების დამოკიდებულებას ვერ შეცვლის.

„არა მხოლოდ თელაველებს, არამედ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ამ არჩევნების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ. ბევრი კარგად აცნობიერებს, რომ არჩევნები დარღვევებით ჩატარდა. ეს არ არის ჩემი გამოგონილი, ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ეუთო-სა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები. საქართველოში ბევრი ადამიანი არის კრიტიკულად განწყობილი. ეს ეხება არა მხოლოდ თელავს, არამედ იმ ქალაქებსაც, სადაც სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები „მოიგო“. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ამ ნაბიჯზე თელაველების რეაქციას, განწყობის მხრივ სასიკეთო ცვლილება მხოლოდ მაშინ იქნება, თუ ხელისუფლება გრძელვადიან პერსპექტივაში გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს იქითკენ, რომ ქვეყანაში გამოსწორდეს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას ქვეყნის ევროპული თუ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით“, - განაცხადა ჩიტაძემ.

'.$TEXT['print'].'