"ქართული ოცნება" ოზურგეთის მერის გადადგომის მოთხოვნით "კომიტეტს" ქმნის და "კარვებს" აანონსებს
ავტორი: გურიის მოამბე
"ქართული ოცნება" ოზურგეთის მერის გადადგომის მოთხოვნით "კომიტეტს" ქმნის და "კარვებს" აანონსებს

"სანამ ამ უსახურებმა - ხელისუფლებაში მოკალათებულმა ადგილობრივმა და ჩამოსულმა, თავზე ჩამოგვამხო ყველაფერი, მივხედოთ ჩვენს რაიონს. ხომ დავინახეთ, ერთად დგომით რა შეგვძლებია" -წერს საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე ადგილობრივი "ქართული ოცნების" ერთერთი ლიდერი, ნუგზარ გიორგაძე და იქვე ამატებს, რომ "მარტო ხელმოწერა და "კომიტეტის" შექმნა არაფერს შეცვლის, აუცილებელია "კარვების გაშლა".

გიორგაძე მიიჩნევს, რომ ოზურგეთის მერი კოტე შარაშენიძე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია და კონკრეტულად ლელა თავართქილაძიდან (მიხეილ სააკაშვილის მმართველობის მიწურულს გურიის გუბერნატორის მოადგილე), იმართება,  "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს კი სამსახურიდან დათხოვნა მომავალი წლის დასაწყისიდან ემუქრება:

"ძალიან თამამად და მოურიდებლად მინდა ვამხილო ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლებიც არიან ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერების დაუძინებელი მტრები. სანდო წყარომ მომაწოდა "მერი" კოტე შარაშენიძის და რუხ კარდინალად წოდებული, "დედალი" ნაციონალის, ლელა თავართქილაძის საიდუმლოდ შექმნილი, რეორგანიზაციის ჩატარების შემდეგ, სამსახურებიდან გასაყრელი ადამიანების მოცულობითი სია, რომელიც უნდა განხორციელდეს ახალი წლის შემდეგ. 
ამიტომ, მოგიწოდებთ ქართული ოცნების წევრებს, მხარდამჭერებს, ქართული ოცნების შტაბს - სასწრაფოდ შევქმნათ ამ ადამიანების მხარდამჭერთა კომიტეტი, სადაც გაერთიანდება ერთგული ადამიანები, უმოკლეს დროში კრიმინალი მერის დემონტაჟის დასაწყებად.

ბატონო კოტია,თქვენ პოლიტიკურად უკვე "დედა აღარ გყავთ" ! ჩვენ ნაციონალები ქვეყანაში უვე დავამარცხეთ და გპირდებით, რომ უმოკლეს დროში, ნაციონალებს თქვენი და თქვენი გუნდის სახით აუცილებლად დავამარცხებთ!
მე ვარ იქ, სადაც არის ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება"!-წერს ნუგზარ გიორგაძე. (სტილი დაცულია).

ცნობისათვის: "კარვების" აქცია "ქართული ოცნების" ერთმა ნაწილმა კოტე შარაშენიძის გადადგომის მოთხოვნით 2013 წელს დაიწყო და ის რამდენიმე თვეს გაგრძელდა, აქციის მონაწილეები შარაშენიძეს სხვადასხვა ბრალდებებს უყენებდნენ, ეს უკანასკნელი ოზურგეთის გამგებელი 2012 წლის დეკემბერში მას შემდეგ გახდა, რაც მაშინდელმა გამგებელმა, ილო ვაშაყმაძემ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" მარცხის შემდეგ თანამდებობა დატოვა. მაშინდელმა საკრებულომ კი, რომლის უმრავლესობამაც არჩევნებიდან ერთ თვეში "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა და "ოცნერას" შეუერთდა, გამგებლად კოტე შარაშენიძე აირჩია, რომელიც იყო 2011 წელს ოზურგეთში 'ქართული ოცნების" დამფუძნებელი და თავმჯდომარე. "ოცნების შტაბი კი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჰქონდა გახსნილი.

2014 წელს ორ მუნიციპალიტეტად დაყოფილ ოზურგეთში, ადგილობრივი არჩევნებისას "ქართულმა ოცნებამ" ოზურგეთის მერობის პოსტზე ბეგი სიორიძე, ხოლო ოზურგეთის გამგებლობის პოსტზე მერაბ ჭანუყვაძე წარადგინა.

კოტე შარაშენიძე რამდენიმეთვიანი უმუშევრობის შემდეგ ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა თავისთან წაიყვანა და დასავლეთ საქართველოში მისი ეგიდით მშენებარე ობიექტების კონტროლი დაავალა.

2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს, ისევ ერთ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბებულ ოზურგეტში, შარაშენიძემ ოზურგეთის მერის არჩევნებში დამოუკიდებელი სტატუსით მიიღო მონაწილეობა და "ქართული ოცნების" წარმომადგენელის" ბეგი სიორიძის დამარცხების შემდეგ , რომლისთვისაც მას მეორე ტური დასჭიურდა, ოზურგეთის მერი გახდა.

 

'.$TEXT['print'].'