ირაკლი კობახიძეზე შესაძლოა, საქმე აღიძრას
ავტორი: გურიის მოამბე
ირაკლი კობახიძეზე შესაძლოა, საქმე აღიძრას

ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატი მთავარ პროკურორს მიმართავს და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საქმეზე გაკეთებულ სკანდალურ განცხადებაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

როგორც "ნიუპოსტს" ლევან სამუშიამ განუცხადა, საქმის მასალებს გრიფი „საიდუმლო“ ედო და არავის ჰქონდა მისი გაცნობის უფლება.

სამუშიას თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ ე.წ. კაბელების საქმეს თავიდანვე პოლიტიკური სარჩული ჰქონდა.

„ეს არის სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ქმედება და ირაკლი კობახიძის განცხადებისთანევე მთავარ პროკურატურას გამოძიება უნდა დაეწყო. საუბარია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე. საქმის მასალების გაცნობის უფლება, რომელსაც გრიფი საიდუმლო ედო, არავის ჰქონდა, ბატონმა კობახიძემ კი პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ "დაინტერესდა საქმით, მასში ჩაიხედა" და აღმოაჩინა, რომ "საქმეში იყო მკაფიო დანაშაული." - განაცხადა ლევან სამუშიამ.

ადვოკატი "ქართული ოცნების" პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, "ე.წ. კაბელების საქმე იყო ნაწილობრივ გრიფირებული და რაც არ იყო გრიფირებული, იმაზე დაყრდნობით საუბრობდა ირაკლი კობახიძე".

ადვოკატმა მმართველი პარტიის აღნიშნულ პოზიციას "კობახიძის გაპრავება" უწოდა.

"ამას ჯობდა, საერთოდ არაფერი ეთქვათ. უბრალოდ, სასაცილოა. არათუ ნახევრად გრიფირებულ საქმეს, არამედ სისხლის სამართლის საქმეს რა უფლებით გაეცნო კობახიძე, ან ვინ გააცნო?! მიგვითითონ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში რაიმე ნორმა, რის საფუძველზეც შეეძლო ბატონ ირაკლი კობახიძეს, პარტიულ თანამშრომელს გაცნობოდა სისხლის სამართლის საქმის მასალებს. როგორც ვთქვი, იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, რასაც უსწრაფესი გამოძიება სჭირდება"- აღნიშნა სამუშიამ. 

ადვოკატი ამბობს, რომ მისი საჯარო მიმართვის შემდეგ პროკურატურა მას არ დაკავშირებია. ლევან სამუშიას თქმით, თადუმაძის უწყება ვალდებული იყო საჯარო განცხადების საფუძველზე გამოძიება დაეწყო.

"დანაშაულის შემცველი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების შემდეგ, ვალდებულებას წარმოშობს საგამოძიებო ორგანოს მხრიდან დაიწყოს გამოძიება. მინდა თქვენი მეშვეობითაც მივმართო ბატონ თადუმაძეს - დაუყოვნებლივ დაიწყეთ გამოძიება! ამ ქვეყანაში ინსტიტუციები იშლება, სამართლებრივი სახელმწიფო იშლება... კობახიძე ჭორებს ყვება და უმტკიცებს მოსახლეობას, რომ დაკავებულებს დანასაული არ ჩაუდენიათო - ეს ჩვენც ვიცით და სასამართლომაც დაადგინა. თუმცა კობახიძემ იჭორავა, რომ თურმე ვიღაცამ ფული წაიღო. თუ მას ამ დანაშულის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, მას ეს პირდაპირ ეთერში არ უნდა ეთქვა, პროკურატურისთვის უნდა მოეყოლა.

სინამდვილეში ყველამ იცის, რომ ამ საქმეში დანაშაული არ არსებობდა. ისინი იყვნენ პოლიტიკური ტყვეები "ქართული ოცნების". ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაიწყო კომუნიკაცია და დარწმუნებული ვარ რომ საქმეზე სამართალი იზეიმებს"- თქვა სამუშიამ.

'.$TEXT['print'].'