"ახლა არ მცალია", "მეილზე მომწერეთ"-ოზურგეთელი დეპუტატები გაძვირებულ ცხოვრებაზე კითხვებს გაურბიან
ავტორი: გურიის მოამბე
"ახლა არ მცალია", "მეილზე მომწერეთ"-ოზურგეთელი დეპუტატები გაძვირებულ ცხოვრებაზე კითხვებს გაურბიან

ოზურგეთის საკრებულოს სხდომებზე, რომლებიც ძირითადად უმრავლესობისა და უმცირესობის კინკლავსა და სიტყვიერ დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობს, "ოცნების" დეპუტატები ხშირად აკეთებენ აქცენტებს ისეთ საკითხებზე, რაც მათივე მტკიცებით, საზოგადოების მოთხოვნებს უნდა ერგებოდეს და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურებოდეს. 

ამ კუთხით საკმაოდ ბევრსაც აქტიურობენ და წინასთან შედარებით ახლანდელი ხელისუფლების უპირატესობის დასამტკიცებლად, თითქმის მუდმივად "სისხლიანი ცხრა წლის" მაგალითებიც მოჰყავთ. მერე, მათივე კოლეგებს რიგ-რიგობით მთელი წლის მანძილზე გაწეული საქმიანობის ანგარიშებსაც აბარებენ და ისეთ შეხვედრებზეც ხშირად დადიან, სადაც ბევრს საუბრობენ გამჭირვალეობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობაზე, იმაზეც, თუ როგორ უნდა ჩართონ მოსახლეობა უფრო ეფექტურად ადგილობრივ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, მიღწეული შედეგი უფრო თავლსაჩინო რომ გახდეს. 

მოკლედ, საუბრობენ ძალიან ბევრს ხალხზე, ისე, ზოგადად. თორემ რეალურად ჟურნალისტი კითხვას რომ დასვამს-გაძვირებული ცხოვრების გამო, გაუსაძლის გაჭირვებაში მყოფებზე, პასუხები ან არა აქვთ, ან არ უნდათ რომ გვიპასუხონ, ან ცუდ ადგილზე არიან და მერე გადმოგვირეკავენ, ან სულაც ამ კითხზე პასუხის გასაცემად დრო არ აქვთ. არიან ისეთებიც, კითხვა იმდენად ერთულებათ, რომ "მეილზე" გადაგზავნას და კარგად დაფიქრების შემდეგ გვპირდებიან პასუხის გაცემას. 

ლევან კილაძე: "ახლა არ მცალია, ბოდიშს გიხდით"

გოჩა კილაძე: "საჭესთან ვზივარ და ვერ დაგელაპარაკებით".

გენო ჩავლეშვილი: "ამ თემაზე ვერ გიპასუხებთ, ბოდიში".

მარიკა ჩხიკვიშვილი: "ისეთ ადგილზე ვარ, ვერ შევძლებ პასუხის გაცემას, "მეილზე" მომწერეთ და პასუხს გადმოგიგზავნით"

ხათუნა ცერცვაძე: "ეს ვრცელი თემაა, სჯობს "მეილით" მოგწეროთ პასუხი"-ეს იმ უმრავლესობის დეპუტატების პასუხია, ვისაც "გურიის მოამბე" დღეს ტელეფონით დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა. 

ამასობაში, ის, რაზეც პასუხებს გაურბიან დეპუტატები, ღიად საუბრობენ ადგილობრივები და იმ საერთო დასკვნამდეც მიდიან, რომ შევარდნაძის შემდეგ "ასეთი სიძვირე და გაჭირვება ქვეყანაში ჯერ არ ახსოვთ".

აღნიშნულ თემაზე, "გურიის მოამბე" ვრცელ წერილს, გაზეთის ორშაბათის ნომერში შემოგთავაზებთ.

 

'.$TEXT['print'].'