ლანჩხუთში მშენებარე ავტომაგისტრალის ერთ-ერთ გვირაბზე სამუშაოები შეჩერდა
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთში მშენებარე ავტომაგისტრალის ერთ-ერთ გვირაბზე სამუშაოები შეჩერდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყონაგორის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, სადაც მოსახლეობა მუნიციპალიტეტის მერს ავტობანის 190-ე გვირაბზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ესაუბრა, ქართულმა მხარემ ჯერ ჩინური კომპანიას გააცნო ვითარება, შემდეგ კი გადაწყვეტილება მიიღო, რომ გვირაბზე ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერებულიყო. 

ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია აბრცელებს. 

"მოსახლეობის თქმით, გვირაბი წყლითაა სავსე და დადგენილ ნორმაზე დაბალია ისე, რომ პირუტყვსა და ტრაქტორსაც გვირაბის ქვეშ გავლა გაუჭირდებათ.
ალექსანდრე სარიშვილი სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი ფირმის, "სინოჰიდროს" ზედამხედველობის სამსახურის ლანჩხუთის წარმომადგენლობას დაუკავშირდა, რომელსაც არსებული ვითარება აცნობა. ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხსენებულ გვირაბზე ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერდეს"-ნათქვამია განცხადებაში. 

ჭყონაგორის მოსახლეობის პრობლემებზე, გურიის მოამბემ არა ერთი წერილი მოამზადა, სადაც ადგილობრივები იმ მძიმე სიტუაციაზე საუბრობდნენ, რაც მათ გვირაბის მშენებლობის დროს დაშვებულმა შეცდომებმა მიაყენა. 

მოსახლეობის მტკიცებით, ყველა მილხიდი, რომელიც ამ მონაკვეთზეა, გადასასვლელი, შესასვლელი თუ შემოსარები, დაბზარული და გაღუნულია.

მიზეზად ადგილობრივები მთელს მონაკვეთზე ტორფიან ნიადაგს ასახელებენ, რის გამოც გრუნტის შესაბამისი გამაგრება მშენებლობის დროს არ მოხდა და აშენებული კონსტრუქციები ნელ-ნელა დაბლა იწევს.

ადგილობრივების მტკიცებით, მშენებლები აქ არაფერ შუაში არ არიან, უბრალოდ პროექტირება იყო არასწორი და არ იყო გათვალისწინებული პროექტში ამ მონაკვეთის თავისებურება, ტორფიანი ნიადაგი.

არაოფიციალურ საუბრებში საქმეში ჩახედული პირები გურიის მოამბესთან აღნიშნავენ,  რომ ყველა მილხიდი, რაც ამ 35 კილომეტრიან მონაკვეთზეა, ბეტონის კონსტრუქციებით, დასაშლელი და ხელახლა გასაკეთებელია, რაც ქვეყანას, რომელმაც ამ მონაკვეთის ასაშენებლად უცხოეთიდან დაახლოებით 350 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა, ზურგზე დიდ ტვირთად დააწვება.

თუმცა, ადგილობრივ გლეხობას ამაზე მეტად ის ფაქტი ადარდებთ, რომ დაწეული ხიდების გამო მეორე მხარეს დარჩენილი საყანე ფართობებით უკვე მეორე წელია ვერ სარგებლობენ და მეტიც, საქონელიც კი ვეღარ გადის საძოვრებზე, რადგან დაწეული ხიდების ქვეშ წარმოქმნილ ღრმულებში წყალი მუდმივადაა, თავად ეს ღრმულები კი უკვე იმ სიღრმეებზეა მეორე მხარეს გასვლაც შეუძლებელია, ზაფხულში კი, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, იმდენად ყარს, რომ ახლომახლო დგომაც კი შეუძლებელია.

'.$TEXT['print'].'