"წინა ხელისუფლება კარგი არ იყო, თუმცა „ქართული ოცნება“ უარესია"- ნატო ჩხეიძე
ავტორი: გურიის მოამბე
"წინა ხელისუფლება კარგი არ იყო, თუმცა „ქართული ოცნება“ უარესია"- ნატო ჩხეიძე

პარლამენტში არასასურველ ტრადიციად დამკვიდრდა გამუდმებით იმის აღნიშვნა, თუ რამდენად ცუდი იყო ძველი ხელისუფლება და რამდენად კარგია ახალი, - ამის შესახებ დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებაზე ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს უსმენენ.

ჩხეიძის შეფასებით, წინა ხელისუფლება არ იყო კარგი, თუმცა „ქართული ოცნება“ უარესია.

„მინდა გამოვთქვა ჩემი წუხილი იმის გამო, რომ პარლამენტში, სესიებზეც და კომიტეტის სხდომებზეც, არასასურველ ტრადიციად დამკვიდრდა გამუდმებით იმის აღნიშვნა, თუ რამდენად ცუდი იყო ძველი ხელისუფლება და რამდენად კარგია ახალი ხელისუფლება. პირადად მე ვფიქრობ, რომ ძველი ხელისუფლება არ იყო კარგი, მაგრამ არც ახალი უქნია ღმერთს. მოდით, ნუ დავეყრდნობით ჩემს შეხედულებებს და გავიხსენოთ მაკიაველი, რომელმაც ბრძანა, რომ ახალი ხელისუფლება ძველზე უარესიაო“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

აღნიშნული განცხადების შემდეგ ნატო ჩხეიძეს კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჰკითხა, თვლიდა თუ არა ის, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ უარესია, რაზეც ჩხეიძემ უპასუხა, რომ სწორედ ამის თქმა სურდა.

„დიახ, მაგის თქმა მინდა, რომ უარესია,“ - აღნიშნა ჩხეიძემ.

'.$TEXT['print'].'