ორი გურია-პრემიერისა და გურულების
ავტორი: გურიის მოამბე
ორი გურია-პრემიერისა და გურულების

გუშინ საქართველოს პრემიერ მინისტრი, მამუკა ბახტაძე გურიას სტუმრობდა. 

ოზურგეთს და ჩოხატაურს. ლანჩხუთლებმა ჩვენ რატომ აგვიარა გვერდიო და... ალბათ, აქ დასათვალიერებელი არაფერი ეგულებოდაო...

სანამ მეზობელ მუნიციპალიტეტში ბრაზობდნენ, მანამ ღიმილიანი სახით მოსიარულე პრემიერმა მოინახულა ახალი სკოლა შუა სურებში, ისაუბრა ბუკისციხე-ზემო სურების საავტომობილო გზის მნიშვნლობაზე, დაგვითვალა დასაქმებულების რაოდენობა, დაგვიბარა, რომ კიდევ ბევრ სკოლას და საბავშვო ბაღს გავხსნითო.

მერე ჩამოუარა ოზურგეთის თეატრს, თვალი გადავლო სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ამაში „ქართუმ“ ჩადო 18 მილიონი და კიდევ რამდენიმე მილიონსაც გაიღებს, სხავადასხვა მშენებლობებში ჩასადებად, თუ ეს საქმეს დასჭირდებაო... 

ესტუმრა ნასაკირალის სკოლას, 600 მოსწავლე და მათი მასწავლებლები გაახარა, წელსვე დავიწყებთ ახალი სკოლის მშენებლობასო...

აქეთ ფოლკლორის ცენტრიო, იქეთ კოლეჯი „ჰორიზონტიო“, მერე ტაძარი და ქუჩაში გამოფენილი უამრავი პოლიციელი, მის დასაცავად. ბევრნი ყოფილან, იმდენად ბევრნი, რომ წესით ამ ქალქში კრიმინალს ფეხის მოკიდება რომ უნდა გაუჭირდეს...

მერე, მთელი დღე, გვიან ღამემდე ყველა ოფიციალურ გვერდზე იდებოდა ყველა რაკურსით გადაღებული ფოტოები, საჯარო მოხელეების, დეპუტატებისა და სტუმრების ღიმილიანი, საქმიანი სახეებით...

პიარიც იყო და ნიშნისმოგებაც-‘აკი არაფერს აკეთებენო“? „აკი არ ვახსოვართ მთავრობასო“? „კრიტიკულებს დღეს მაინც ხომ ჩაგაგდებინეთ ხმაო“?

ამაში გეთანხმებით, რას მიქვია მთავრობას არ ვახსოვართ, მით უფრო მაშინ, თუ წინ საარჩევნო წელი გვაქვს?!

ავშენდით გუშინ და ავყვავდით-ფოტოებში, განცხადებებში, დაპირებებში, კაი მთავრობის დემონსტრირებაში...

ყველას უხაროდა, ვისაც უნდა გახარებოდა...ზოგს რა მიზეზით და ზოგსაც რისთვის, მაგრამ, ამ ყველა ბედნიერს დაავიწყა ერთი-დაგებული ასფალტების, მიმდინარე მშენებლობისა და ახალაშენებული ფოლკლორის ცენტრის მიღმა დარჩენილი გურია და გურულები.

აი, ისეთები ყოველდღიურ გასაჭირს რომ ვერ უმკლავდებიან და უყველაფროდ დარჩენილებისთვის, დიდი შეღავათი სულაც არ არის ბევრი ისეთი რამ, რაც ახარებთ იმათ, ვინც ამით ხელისუფლებაში ყოფნის ნოყიერი წლების გახანგრძლივებას  ცდილობს. 

და ერთმა კითხვამ შემაწუხა გუშინ ყველაზე მეტად-ყველასი, მთელი ქვეყნის პრემიერი, მხოლოდ იმ გურიას რატომ სტუმრობდა, სადაც „ყველაფერი კარგად იყო“? 

და იმანაც ძალიან დამაინტერესა, ის „საწყობი“ თუ აჩვენეს, სადაც ოზურგეთის კონოთეატრიდან მოხსნილი და გატანილი ალუმინის მასალები  ჰქონდათ დასაწყობებული იმ მიზნით_ „ვინმემ არ მოიპაროსო“?...(სულ მეცინება ხოლმე)

დღის ბოლომდე და უფრო გვიანობამდეც ვადევნებდით თვალს, რა კარგად მიდის ყველაფერი გურიაში და არც ერთხელ ალბათ არ გადაუვლია თვალი არც ერთ მათგანს  იმ გურულებისთვის , სწორედ გუშინ ჩვენთან იმაზე რომ წუხდნენ: ”"საჭმელს ვეღარ ვყიდულობთ და მალე გაგვიხმება კუჭი“-ო.

აკი ყველას ოჯახში მივალთო? ყველას გასაჭირს მოვისმენთო?!

კი, ცუდი გადასაღებია, ცუდი მოსასმენია, მით უფრო პრემიერისთვის, მინისტრისთვის, ხელისუფლებისთვის, რადგან ,მაშინ მეორე გურიიდან წამოსული ხმა გასცდებოდა კარგად შეფუთული პიარის ჩარჩოებს და იმ მშენებარე 18 მილიონიან თეატრსაც დაუკარგავდა თავის პეწსა და მნიშვნელობას.

და არსად, არც ერთხელ არ დასმულა გუშინ კითხვა-„რაში სჭირდება გურიას მილიონებად შეფასებული შენობა, თუ მასში ადგილობრივი, თუნდაც განწყობიდან გამომდინარე არ მოისურვებს სპექტაკლის ნახვას“? 

და იქნებ სულაც არ იცოდა პრემიერმა, რომ გუშინ საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ რეგიონს სტუმრობდა, რომელიც იმ მეორე გურიაში მცხოვრებლების აზრით „შიმშილს, სიღატაკესა და გაუსაძლის ყოფას ებრძვის“?!

აკი, სწორედ ასეთ მიდგომებს არ პატიობდით „იუპიტერს“?!!

'.$TEXT['print'].'