"ივანიშვილი გაერთიანებაში გულისხმობს, თვითონ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში დანარჩენებმა კი, მხარი უსიტყვოდ დაუჭირონ"- ძაბირაძე
ავტორი: გურიის მოამბე
"ივანიშვილი გაერთიანებაში გულისხმობს, თვითონ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში დანარჩენებმა კი, მხარი უსიტყვოდ დაუჭირონ"- ძაბირაძე

გაერთიანებაზე საუბარში იგულისხმება, რომ ივანიშვილი ხელისუფლებაში უნდა დარჩეს, დანარჩენებმა კი მხარი უსიტყვოდ და უპირობოდ დაუჭირონ, - ამის შესახებ ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მან ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის წერილზე და აღნიშნა, რომ საუბარი გაერთიანებისა და „თვითნაზარდი დიქტატორის“ შესახებ ერთმანეთთან შეუსაბამოა.

„საქართველოს აბსოლუტურად ყველა ხელისუფალი გაერთიანებაზე საუბრობდა, გამსახურდიადან მოყოლებული ივანიშვილის ჩათვლით. ყველა გაერთიანებაში გულისხმობს იმას, რომ თავად უნდა დარჩეს ხელისუფლებაში და დანარჩენებმა მას მხარი უსიტყვოდ და უპირობოდ უნდა დაუჭირონ. „კავკასიური ცარცის წრის“ ბოლოს ასეთი ფრაზაა: მეთევზემ ჭიაყელას უთხრა, წამო, ვითევზაოთო. დაახლოებით ასეთ რამეს გვეუბნებიან - გავერთიანდეთ, ოღონდ ჩვენ უნდა დაგვიჯეროთო. იმავეს საუბრობს ივანიშვილი. ის წერილში საუბრობს გაერთიანებაზე, წარსულის დავიწყებაზე და იქვე ლაპარაკობს შინნაზარდ დიქტატორზე. თუ გაერთიანებაზე ვსაუბრობთ, მაშინ დიქტატორზე არ უნდა ვილაპარაკოთ ხომ? და ვის გულისხმობს - ბუნებრივია, სააკაშვილს. რა გაერთიანებაზე საუბრობს და 9 აპრილზე მაშინ?“, - განაცხადა ექსპერტმა.

მისივე თქმით, ივანიშვილს სურს, წარმოაჩინოს, თითქოს გაერთიანება ქვეყანაში ყველას სურს, თუმცა ზოგიერთი ამას ხელს უშლის.

„სამწუხაროდ, 9 აპრილი იყო გაერთიანება ვიღაცის წინააღმდეგ და ეს „ვიღაცა“ იყო საბჭოთა კავშირი. დღეს ვიღაცის წინააღმდეგ გაერთიანება კი არა, გაერთიანება რაღაცის საკეთებლად გვჭირდება. ივანიშვილს სურს, წარმოაჩინოს, რომ გაერთიანება გვინდა ყველას და ვიღაცები გვიშლიან ხელს - ეშმაკები, რომლებიც გვყოფენ. თვითონ ივანიშვილმა რა გააკეთა? ჯერ ერთი, უნდა გავარკვიოთ, რას ნიშნავს თავად ეს სიტყვა. კი ბატონო, გავერთიანდეთ, მაგრამ რის საფუძველზე? ეს მხოლოდ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის, სამართლებრივი გარემოს საფუძველზე შეიძლება მოხდეს და უნდა იყოს ერის გაერთიანების ნიადაგი. რომელმა ხელისუფლებამ შექმნა ამის საფუძველი? - არც ერთმა. რეალობა გაერთიანების საშუალებას, სამწუხაროდ, არ იძლევა“, - აღნიშნა ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსთან“.

'.$TEXT['print'].'