გურიაში მეთხილე ფერმერებს შესაწამლი აპარატები დაურიგდათ
ავტორი: გურიის მოამბე
გურიაში მეთხილე ფერმერებს შესაწამლი აპარატები დაურიგდათ

ფაროსანასთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, გურიაში მეთხილე ფერმერებს შესაწამლი აპარატები დაურიგდათ. აპარატები თხილის მწარმოებელთა ასოციაციას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „თხილის გადარჩენის პროგრამის“ ფარგლებში გადასცა. პროგრამის ფარგლებში სულ 2000 აპარატის გადაცემაა დაგეგმილი.

მეთხილე ფერმერებმა მიიღეს ინფორმაცია აპარატის გამოყენებისა და თხილის შეწამვლის მეთოდების შესახებ. თხილის მოსავლის გადარჩენის კამპანია გადამწყვეტ ეტაპზე გადადის და მიზნად ისახავს თხილში გავრცელებულ სოკოვან დაავადებებთან და მავნებლებთან ბრძოლას, ფერმერების ცნობიერების ამაღლებას, რაც ხელს შეუწყობს მაღალი ხარისხის მოსავლის მიღებას. „თხილის დაცვის პროგრამის“ ფარგლებში, სახელმწიფოს და ასოციაციის მონაწილეობით შემუშავებულია კომპლექსური ღონისძიებების გეგმა, რომელიც მეთხილე ფერმერებს საშუალებას მისცემს, მავნებლების და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ აგროსამუშაოები დროულად და ეფექტიანად ჩაატარონ, რათა თავიდან აიცილონ თხილის მოსავლის დაზიანება და ეკონომიკური ზარალი.

შესაწამლი აპარატების გადაცემას ესწრებოდნენ გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები აკაკი შენგელია, ქეთევან მოისწრაფეშვილი, გია ებრალიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეები გიორგი იაკობაშვილი, ზურაბ ლიპარტია და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი გიორგი თოდუა.

თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ფერმერების უმსხვილესი გაერთიანებაა. ამჟამად „თხილის გადარჩენის პროგრამაში“ უკვე 15 000-მდე ფერმერია ჩართული. ჯგუფებად დაყოფილ ფერმერებს ჰყავთ საკუთარი ლიდერები, რომლებიც პროცესს ზედამხედველობას გაუწევენ. გარდა აპარატებით უზრუნველყოფისა, თხილის მოსავლის გადარჩენის პროექტის ფარგლებში, ფერმერებს საშუალება აქვთ, შეღავათიანი პირობებით შეიძინონ სასუქი პრეპარატები და პესტიციდები. ასოციაციის აგრონომები ზედამხედველობას გაუწევენ აგროღონისძიებების ხარისხიანად ჩატარებას, რაც მაღალი ხარისხის თხილის მოსავლის მიღების წინაპირობაა.

'.$TEXT['print'].'