როგორ დააკავეს და გაასამართლეს მშობლიურ სოფლებში გურული ავაზაკები 1905 წელს
ავტორი: გურიის მოამბე
როგორ დააკავეს და გაასამართლეს მშობლიურ სოფლებში გურული ავაზაკები 1905 წელს

 

კორესპონდენცია გურია

იმ დროს როდესაც გურიის ხალხი ყოველ ღონეს ღონობს აღმოფხვრას ყოველივე ბოროტმოქმედება, აღიმაღლოს და ააყვავოს თავისი ზნეობრივი მხარე, გამოდიან ქურდ-ბაცაცები და თავიანთი სამარცხვინო ქმედებით ჩირქსა სცხებენ ხალხის წმინდა სახელს და აფერხებენ მის დიად მოძრაობას. ამას წინათ აქ სამჯერ გაძარცვეს ოზურგეთიდან ნატანებში დილიჟანები და ფაიტონები. ამ გარემოებამ მეტად შეაშფოთა ხალხი და მან მიიღო მეტად ენერგიული ზომები ავაზაკების შესაპყრობად. ამოირჩიეს ხუთას საზოგადოებისაგან, რომლებსაც დაევალა ამ საქმის ძიება: ქურდების აღმოჩენა და კრებაზე წარმოდგენა.

14 სექტემბერს, დაინიშნა კრება, რომელზედაც თავი მოიყარა შემოქმედის, მაკვანეთის, ლიხაურის, ოზურგეთის და ახალსოფლის საზოგადოებებმა; ბევრი კიდევ სხვა სოფლებებიდან დაესწრო. არჩეულმა კომისიებმა კრებას წარუდგინეს ხუთი კაცი, რომელთაც ავაზაკობა ჰბრალდებოდათ. კრებამ მათ წინადადება მისცა თავიანთი დანაშაული გულწრფელად ეღიარებინათ, რითას სასჯელი შეუმცირდებოდათ.

პირველი ავაზაკი: ,,პატივცემულო საზოგადოებავ! კერძო ინტერესებით, თუ სხვა მიზეზებით, მე დღეს აქ ვდგევარ თქვენს წინაშე როგორც ავაზაკი, მე გთხოვთ შეეკითხოთ ჩემს მეზობლებს მე თუ ცუდი კაცი ვარ, ან ოდესმე ბოროტ-მოქმედება ჩამიდენია... ეს არის ჩემი თხოვნა.

- მეორე ავაზაკი: ,,მხოლოდ ღემერთი არის ჩემს სიმართლეში და ჩემი თავიო,, - ამბობდა ის და თხოულობდა იმ ავაზაკებთან პირისპირ წაყენებას, რომლებმაც მას ხელი დაადეს, როგორც ავაზაკს. ,,მიშვნა დრო და ჩემმა მტერმა და ჩამაგდო განსაცდელში, მაგრამ არას ვერჩი, რადგანაც მემუქრებოდა და ვაჟკაცურად ამისრულა კიდეც,,

მესამე ავაზაკი: ,,დანაშაული ვარ ამ საქმეში მეტი რა ვსთქვა?,,

მეოთხე ავაზაკი სდგას თავჩაქინდრული. თავმჯდომარე ,,თქვენ ამათთან ერთად ბრალი გედებათ ავაზაკობაში, სცნობთ თავს დამნაშავედ თუ არა,,   - ,,რასაკვირველია,,. - მეხუთე აავზაკი მე თავს დამნაშავედ ,,ვსცნობ,,.

თავმჯდომარემ წაიკითხა თოთოეული ზემოაღნიშნული საზოგადოების ორგანიზაციის გადაწყვეტილება, სადაც უმთავრესად ითხოვენ იმ ორი პირის, რომლებიც არ გამოტყდნენ, სიკვდილით დასჯას, ხოლო სამისათვის ექვს-ექვსი თვით ბორკილს და ყოველ კრებებზე გამოყვანას. უმეტესობამ სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ გამოილაშქრა.

ყოველი უცხო მსმენელი განცვიფრებაში მოყავს გურულების ინტელიგენტურ ენას. ყოველი მათ მიერ წარმოთქმული სიტყვა მკაფიო, ლოღიკური და შინაარსიანი; მათ მრავალსიტყვაობა არ უყვართ, რაც იმს ნიშნავს, რომ ისინი საქმეს გულწრფელად და გრძნობით ეკიდებიან. წარმოითქვა მრავალი მოსაზრება მსჯავრის დადების შესახებ. ხანგრძლივი კამათის შემდეგ მიიღეს შემდეგი განაჩენები: რადგანაც ორი ავაზაკი თავის დანაშაულში არ გამოტყდა და ამასთანავე აღმოჩნდა, რომ ისინი არიან მეთაურნი, ამიტომ მათ დაედვა ფეხებზე ბორკილი ერთის წლით. მესამე ამხანაგი გამოტყდა, მაგრამ ამხანაგები არ დაასახელა ამიტომ მას დაედვას ფეხებზე ბორკილი ექვსი თვით. რადგანაც მეოთხე და მეხუთე ავაზაკებმა გულწრფელად აღიარეს თავიანთი დანაშაული  და ამასთანავე დაასახელეს თავიანთი ამხანაგებიც, ამიტომ მათ დაედვათ ფეხებზე ბორკილი სამ-სამი თვით.

 ყველა ავაზაკები უნდა სცხოვრობდნენ თავთავიანთ სოფლებში და არსად არ უნდა გაიქცნენ, რისთვისაც პასუხისმგებელნი იქნებიან სოფლები. ამასთანავე ავაზაკები უნდა გამოიყვანონ ხოლმე თავის ბორკილებით ყველა კრებებზე. ყველა ის ზარალი, რაც მათ მგზავრებს მიაყენეს, გადახდეს მათ ოჯახებს. ავაზაკები ჩააბარეს თავთავიანთ სოფლებს ბორკილის დადებამდე. ამის შემდეგ ხალხი დაიშალა.

გაზეთი ივერია #172; 1905 წლის 24 სექტემბერი

 

'.$TEXT['print'].'