"ივანიშვილი დღეს მეფე ლირის მდგომარეობაშია, ყველასგან მიტოვებულია" - ზაქარეიშვილი
ავტორი: გურიის მოამბე
"ივანიშვილი დღეს მეფე ლირის მდგომარეობაშია, ყველასგან მიტოვებულია" - ზაქარეიშვილი

"გული მწყდება, როგორ მოახერხა "ქართულმა ოცნებამ", რომელიც ტრიუმფით შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში, ასე დაეკრაგა სიცოცხლისუნარიანობა და მხოლოდ კობახიძისა და ზარდიაშვილის იმედად დარჩენილიყო," - აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

"რეზონანსი": განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პარტიები და ლიდერები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ერთმანეთის ოპონენტები იყვნენ, მომავალი არჩევნებისთვის ერთიანდება ლოზუნგით "ყველა ერთის წინააღმდეგ". გარდა გაერთიანებისა ბრძოლის რა ტაქტიკა უნდა აირჩოს ოპოზიციამ, რომ 2020 წელს სახელისუფლებო პარტია დაამარცხოს?

პაატა ზაქარეიშვილი: მგონი, მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ თემების რაოდენობა, პირველ რიგში უნდა მოითხოვონ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. თუ ხელისუფლება მაჟორიტარულ სისტემას არ დათმობს, მაშინ უნდა შეთანხმდნენ და ყველა მაჟორიტარულ ოლქში "ოცნებას" თითო კანდიდატი ჩაუსვან.

დღეს თუ ვინმეს ვადამდელი არჩევნები სჭირდება, ეს ხელისუფლებაა, მაგრამ თავად ვერ იქნება ინიციატორი. მაშინ უნდა დაასაბუთონ, რატომ მივიდნენ ამ გადაწყვტილებამდე; ომი არ არის, ოპოზიცია მშვიდად იქცევა და არაფერს აშავებს, ე.ი შენი თავის გადასარჩენად იბრძვი? მაგრამ თუ ამ იდეას სხვა პოლიტიკური ძალა გარედან შემოაგდებს დიდი სიამოვნებით ჩაერთვება. ამიტომ ოპოზიციამ მაქსიმალურად თავი უნდა შეიკავოს და სიტყვაც არ უნდა წამოსცდეს ვადამდელ არჩევნებზე, თუ უნდათ რომ საპარლამენტო არჩევნებში წარმატებას მიაღწიონ.

ხელისუფლება ილაპარაკებს შემართებით და ოპტიმისტური განწყობით, რაც ღიმილის მომგვრელია, რადგან რეალობა აშკარად შეიცვალა და კარგად დაინახეს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ საზოგადოების განწყობა. რა თქმა უნდა, "ოცნება" პარლამენტში გავა, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ კვალიფიციური უმრავლესობა ჰყავდეს, დეპუტატების 40%-ზე მეტი არ ეყოლება. მომავალ პარლამენტში მოხვედრის შანსი კი უჩნდება ბევრ პატარ-პატარა პარტიას, რომლებიც შეიძლება ბლოკებადაც ჩამოყალიბდნენ. ასე რომ, მომავალი პარლამენტი საკმაოდ მრავალფეროვანი შეიძლება იყოს, რაც ცუდია "ოცნებისთვის" მაგრამ კარგია საქართველოსთვის.

გული მწყდება, როგორ მოახერხა "ქართულმა ოცნებამ" რომელიც ტრიუმფით შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში სიცოცხლისუნარიანობა, ასე დაეკრაგა და მხოლოდ კობახიძისა და ზარდიაშვილის ამარად დარჩენილიყო. არადა ნამდვილად ჰქონდა ბრწყინვალე პერსპექტივა ქართველ ხალხს მომსახურებოდა, დღეს კი მხოლოდ საკუთარ თავს ემსახურება.

 ივანიშვილი "ოცნების" გარანტად რჩება, თორემ აქამდე დაიშლებოდა, მაგრამ დღეს იგი მეფე ლირის მდგომარეობაშია, ლირი ყველასგან მიტოვებული. მის გარშემო დარჩა ის ხალხი, ვისაც წასასვლელი აღარ ჰქონდა, დანარჩენი ყველა წავიდა.

 

'.$TEXT['print'].'