სააკაშვილი: გახარიამ მიანიშნა, რომ დარბევის ბრძანება ივანიშვილმა გასცა
ავტორი: გურიის მოამბე
სააკაშვილი: გახარიამ მიანიშნა, რომ დარბევის ბრძანება ივანიშვილმა გასცა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე ვიდეომიმართვას ავრცელებს და მიიჩნევს, რომ მხოლოდ შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა არაფერს შეცვლის. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, გუშინ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას გახარიამ პრაქტიკულად მიანიშნა, რომ 20 ივნისს აქციის დარბევის ბრძანება ბიძინა ივანიშვილმა გასცა.

“ვთქვათ, გადააყენა ივანიშვილმა გახარია, თქვენ იცით, რომ ზუსტად ასევე გადააყენა ფარცხალაძე რამდენიმე წლის წინ, მერე ის ფარცხალაძე პრაქტიკულად “კანონიერ ქურდად” დანიშნა, მთელი ბიზნესები მას ჩააბარა, ხალხის ტერორის საშუალება მისცა და პრაქტიკულად იმდენი ბერკეტი შეუნარჩუნა, რაც მაშინ, როცა გენერალური პროკურორი იყო.

თავის დროზე ღარიბაშვილი გადააყენა და მერე პარტიის ლიდერად დააბრუნა, მას ისევ მიყავს “პარადი” ამ მოჯამაგირეებს შორის. სად გაქრა რიგგარეშე არჩევნების გამართვის შესახებ ლოზუნგი, ეს კითხვა მაქვს მე და ბევრ სხვას იმიტომ, რომ ჩვენ ივანიშვილს თავის დაძვრომის საშუალება არ უნდა მივცეთ.

გახარიამ გუშინ ნახეთ რა თქვა, პრაქტიკულად მიანიშნა, რომ დარბევის, დახვრეტის ბრძანება ივანიშვილმა გასცა. უარი თქვა, პასუხისმგებლობა აეღო ბრძანების გაცემაზე და თქვა, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გასცა ბრძანებაო. ჩვენ ყველა ვიცით, ვინც გასცემს ამ ბრძანებებს”,-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

'.$TEXT['print'].'