გია ხუხაშვილი - სრული იდიოტი უნდა იყოს ვინც გადაწყვეტს, რომ ამ ვითარებაში „რუსთავი 2“ იყიდოს
ავტორი: გურიის მოამბე
გია ხუხაშვილი - სრული იდიოტი უნდა იყოს ვინც გადაწყვეტს, რომ ამ ვითარებაში „რუსთავი 2“ იყიდოს

კომერციული ინტერესიდან გამომდინარე, „რუსთავი 2“-ს არავინ იყიდის, თუ ვინმე მყიდველი გამოჩნდა, რაშიც მე ეჭვი მეპარება, ეს იქნება აუცილებლად პოლიტიკური გარიგება და არანაირი კავშირი ამას კომერციულ ლოგიკასთან არ ექნება,- ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

ხუხაშვილის თქმით, ხალვაშის განცხადება, რომ ის ტელევიზიას ყიდის, აბსურდულია, რადგან თავადვე უკეთებს ანტირეკლამას და ამბობს, რომ „რუსთავი 2“-ის დავალიანება 70 მილიონი ლარია.

„შეიძლება ხალვაშის ლოგიკას ვენდოთ, ის ამბობს, რომ არის მძიმე ფინანსური მდგომარეობა და მას არ აქვს ინვესტიციის საშუალება, რასაც საჭიროებს ტელევიზია. ეს არგუმენტი ლოგიკურია და რომც მივიღოთ, მაინც ძალიან საოცარი განცხადებაა იმიტომ, რომ რას ამბობს ქიბარ ხალვაში? მე მყავს საქონელი, რომელსაც სჭირს ციმბირის წყლული და ვყიდი 1000 ლარად, სრული აბსურდია. მეორე მხრივ, ჩვენ ვიცით, რომ ქონება არის სადავო, მინიმუმ ძველი დამფუძნებლების მხრიდან, ვიცით, რომ პროკურატურაში დევს საქმე, რომელიც არ არის გამოძიებული და ღმერთმა იცის ეს საქმე როგორ დასრულდება. ამ ვითარებაში, სრული იდიოტი უნდა იყოს ის, ვინც გადაწყვეტს, რომ ეს კომპანია იყიდოს. შესაბამისად, გაუგებარია, თვითონ ხალვაში ეწევა კომპანიის ანტი რეკლამას და თან ყიდის. ეს არის მთელი ამ ისტორიის უცნაურობა.

კომერციული ინტერესიდან გამომდინარე, „რუსთავი 2“-ს არავინ იყიდის, თუ ვინმე მყიდველი გამოჩნდა, რაშიც მე ეჭვი მეპარება, ეს იქნება აუცილებლად პოლიტიკური გარიგება და არანაირი კავშირი ამას კომერციულ ლოგიკასთან არ ექნება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, პოლიტიკური გარიგების შემთხვევაში, ვინ იქნება კანდიდატი შეიძინოს „რუსთავი 2“, ხუხაშვილმა განაცხადა, რომ ერთადერთი, ვისაც ის განიხილავს, არის დავით კეზერაშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ახალი ტელევიზიის დაფუძნება სურს.

„ოპოზიციის მხრიდან შეიძლებოდა დაგვეშვა, რომ ყარამანიშვილებს გამოესყიდათ თავიდან, მაგრამ თვითონ ხალვაში ამბობს, რომ ამ მხარესთან ის მოლაპარაკებას არ აპირებს და სხვას მე ვერავის ვერ ვხედავ, ვინც შეიძლება ეს ნაბიჯი გადადგას. ერთადერთი, კეზერაშვილს აქვს გაცხადებული ტელევიზიის დაფუძნება და შესაძლოა თეორიულად ვიგულისხმოთ, მან გამოხატოს ტელევიზიის ყიდვის ინტერესი. ხელისუფლების მხრიდან მოტივს ვერ ვხედავ, მისი ინტერესია „რუსთავი 2“ დაიხუროს, მას შეუძლია მხოლოდ „იმედი 2“ გააკეთოს და ერთი სარედაქციო პოლიტიკით ორი ტელევიზია გექნება თუ ერთი, რა მნიშვნელობა აქვს. ასე რომ ხელისუფლებისთვის აზრი არ აქვს ამ ტელევიზიის ყიდვას, უფრო მის დახურვას აქვს აზრი“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში ტელევიზიას ყიდის.

'.$TEXT['print'].'