"სახეზეა ყოვლად გაუმართლებელი, დიდი ზიანის მომტანი "რეფორმა" - ექსპერტები განათლების სამინისტროს ინიციატივაზე
ავტორი: გურიის მოამბე
"სახეზეა ყოვლად გაუმართლებელი, დიდი ზიანის მომტანი "რეფორმა" - ექსპერტები განათლების სამინისტროს ინიციატივაზე

განათლების სამინისტროში მიმდინარე ე.წ. "რეფორმას" განათლების ექსპერტები ეხმაურებიან.

ექსპერტი ზურაბ დავითაშვილი უწყების ახალ ინიციატივას საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ეხმაურება და წერს:

"ნეტავ თუ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, სადაც მედიცინის ფაკულტეტზე შემსვლელ აბიტურიენტს არ მოეთხოვება ბიოლოგიის ცოდნა, საინჟინრო სპეციალობებზე სწავლა შესაძლებელია ფიზიკის ცოდნის გარეშე, ხოლო ტექნოლოგიურ და აგრონომიულ ფაკულტეტებზე ქიმიის ცოდნის გარეშეც მიგიღებენ. შეიძლება ვაჭარბებ, მაგრამ ის ცვლილებები, რაც განათლების სამინისტრომ შემოიტანა, დანაშაულად მიმაჩნია ქვეყნის მომავლის წინაშე, რადგან ერის გასანადგურებლად სრულიად საკმარისია დაწიო განათლების დონე და უცოდინარი ექიმები, ინჟინრები, ეკონომისტები, იურისტები თუ პედაგოგები რამდენიმე წელში მიწასთან გაასწორებენ ქვეყანას.
როცა სკოლის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა, ამით სკოლაში ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის და გეოგრაფიის სწავლის სტიმული საერთოდ გაქრა, გარდა იმ მოსწავლეებისა, რომლებსაც ეს საგნები უმაღლესში ჩასაბარებლად ჭირდებოდათ. ახლა, როცა აღარც უმაღლესისთვის არის საჭირო, დარწმუნებული იყავით, რომ ამ საგნებს სკოლაში აღარავინ ისწავლის (ჩვენთან, როგორც წესი, სწავლობენ გამოცდისთვის) და მივიღებთ თაობას, რომელსაც წარმოდგენა არ ექნება არა მარტო საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ელემენტარულ საკითხებზე, არამედ რუკაზე გერმანიას აფრიკაში დაუწყებს ძებნას. შესაბამისად აღარც ამ საგნების მასწავლებლები იქნება საჭირო და აღარც ამ საგნების სწავლება.
უნარ-ჩვევების სავალდებულო გამოცდის გაუქმებამ, ლოგიკური აზროვნების როლი თითქმის ნულამდე დაიყვანა და იმ საგნის ამოღებამ, რომელიც ნაკლებად ექვემდებარებოდა რეპეტიტორთან მომზადებას, არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა მატერიალურად ნაკლებად უზრუნველყოფილი და შეძლებული ოჯახები. ახლა აბიტურიენტს საკუთარი აზროვნებისა და უნარების იმედი ნაკლებად უნდა ჰქონდეს და ყველაფერი რეპეტიტორთან მომზადებაზეა დამოკიდებული, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. საერთოდ, მთელი აქცენტის ენებზე და ისტორიაზე (და ნაკლებად მათემატიკაზე) გადატანა აუცილებლად შეამცირებს სტუდენტებს შორის სოფლიდან (განსაკუთრებით მაღალმთიანი) ჩარიცხული ახალგაზრდების წილს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ უცხო ენების სწავლების პრობლემა რეგიონებში ძალიან მწვავედ დგას.
ერთი სიტყვით, სახეზეა ყოვლად გაუმართლებელი, დიდი ზიანის მომტანი "რეფორმა", რომელიც მძიმე შედეგებს მოგვიტანს. და თუ ახლაც კი საქართველო სასკოლო განათლების დონით ევროპის ქვეყნებს შორის ისედაც ბოლო ათეულშია და 5-6 ქვეყანას მაინც უსწრებს, მალე ალბათ მყარად დავმკვიდრდებით ბოლო ადგილზე.
დაბოლოს, მთავარი კითხვა: რატომ უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი ხელისუფლებას და რატომ უნდა შეხებოდა იმას, რაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმა იყო? მხოლოდ იმიტომ რომ წინა ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული?ამ ახალი ცვლილების გამართლების ხომ არანაირი არგუმენტი არ აქვთ და თვითონაც არ სჯერათ, როცა გვიმტკიცებენ ეს განათლების ხარისხს გააუმჯობესებსო. ნუთუ იმაზეა გათვლა, რომ რაც მეტად გაუნათლებელი და უვიცი იქნება ხალხი, იმდენად ადვილი სამართავი იქნება? თუ ეს ის პოპულიზმია, რომელიც 2020 წლის არჩევნებში მეტ ხმებს მოუტანს და ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ რამდენად განათლებული თაობა გვეყოლება და როგორი ქვეყანა გვექნება?" - წერს დავითაშვილი.

'.$TEXT['print'].'