"სხვა საშველიც რომ არ გვაქვს"?-რა უყვეს თხილს გურიაში
ავტორი: გურიის მოამბე
"სხვა საშველიც რომ არ გვაქვს"?-რა უყვეს თხილს გურიაში

საითაც გნებავთ იქითკენ მიიხედეთ; დიდი მაღაზიების, ბანკების, პურის საცხობების წინ, სადაც მუდმივი ხალხმრავლობა და აქტიური მოძრაობაა, თხილის მიღება-ჩაბარების პუნქტებში ახალი ნედლეულის მისაღებად ოზურგეთში აგერ უკვე ორ თვეზე მეტია ქაოტური მუშაობაა დაწყებული.

სიტუაციაც და ბანერებიც ყველგან იდენტურია: `ვიბარებ თხილს`! მართალია, ჯერ  ფასები ბევრით ვერაფრით დაიკვნეხის, თუმცა იმედს, გაცემულ დაპირებაზე, რომ თხილის ფასი 4 ლარზე დასტაბილურდება, დასაკარგად მაინც ვერავინ იმეტებს.

ყოველდღიურად იმეორებენ, რომ ფასები ფარდობითია ხარისხთან და რომ ნაგვიანებ მოსავალზე ესეც მიმზიდველია. ასე თუ ისე, შარშან ფაროსანასგან განადგურებულმა და წელს შედარებით "სულმოთქმულმა", თუმცა უხვმოსავლიანობითაც ვერ გამორჩეულმა თხილმა, თავის დაფასება ვერა და ვერ შეძლო. 

 `წყალი მისდის თხილს, ეს უამინდობის გამო მოხდა. ვერ მოასწრო გაშრობა. ამით ხარისხი დაეკარგა, ქარხნები კი, ასეთ ნედლეულს ვერ იბარებენ და ამ დროისთვის ფაქტიურად გაჩერებულები არიან~_გვიხსნიან მიმღებ პუნქტებში.

დღეში რამდენჯერმე მერყევმა და დაურეგულირებელმა ფასებმა კი, რომელიც პირდაპირ კავშირშია თხილის "ჯანმრთელ გულთან", ერთნაირად დაღალა გლეხიც და გადამყიდველიც, მიმღებიც და ჩამბარებელიც.

`ჩამოხვალ ერთ დღეს 2,5-ლარია, მეორე დღეს აუწევენ ფასს, დაგაიმედებენ ჩაიტან თხილს ჩასაბარებლად და ისევ დაწეულია ფასი. ამის იმედი გვაქვს, მთელი წლის გატანას თხილზე შემოსული თანხით ვგეგმავთ და გამოდის მთლად ტყუილად ვყრით, მარა, საშველიც რომ არ გვაქვს სხვა და იციან მაინც ჩავაბარებთ ამით არიან შეგულიანებულები და გვეთამაშენიან ხან ხარისხით, ხან ფასებით. მარტო ჩაქუჩის კაკუნი და თხილის ტკაცან-ტკუცუნი. ისეთ სახეებს იღებენ, გეგონება თხილი პირველად ნახეს და მას გული რომ ჰქონდა, აქამდე არავინმა არ იცოდა"-გვიხსნიან გლეხები.

 ვინ, როგორ ან რატომ ათამაშებს ასე თხილის ბიზნესში ჩართულებს და ჩათრეულებს ამაზე კონკრეტული პასუხი დღეს არავის მოეძებნება. მხოლოდ იმას გვიმეორებენ, რომ  "დილით კარნახობენ ფასებს, ზუგდიდიდან"

-`რატომ~? _ეს კითხვა მუდმივად ჩნდება და ჩნდება რამდენიმე მიმართულებით. პასუხი ხან სავარაუდოა, ხანაც არალოგიკური ან სრულიად უსაფუძვლო. მაგრამ, ყველაზე დიდი "რატომ" ჩნდება იმ გამიზნულ ავანტიურასთან დაკავშირებით, როცა ყველა დღესასწაულის და სასწავლო წლის მოახლოების წინ, თხილზე ფასი მუდმივად იკლებს, თან თვალშისაცემი სისწრაფით. მუდმივი დამთხვევა კი, შემთხვევითობის თეორიას გარკვეული დოზით ყოველთვის გამორიცხავს.

ყველაზე დასანანი კი, ალბათ იმ ერთის ან ერთეულის, რომლებიც გარკვეულ დღეებში არად გვიგდებენ აღარც ნედლეულის ჯიშს და აღარც სავსეგულიან თხილს, თამაშის წესს გადაყოლილი მოლოდინები და იმედებია, რაც ყველაზე მეტად მაინც გლეხს აზარალებს. ბროკერული სისტემის აღმოფხვრაზე კი,  რისი დამსახურებითაც თამამად ხდება არალეგარული ბრუნვები, ჯერ არც ერთ ხელისუფლებას არ უზრუნია.  თვალხილულ აფიორაზე ყურწაგდებულობა კი, ალბათ მხოლოდ მავანის ხელის მოთბობას ემსახურება.    

საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ყოველი თხილის დაწყების სეზონს იმედიანად უყურებს, იმის ფიქრზე მეტად, ეძიოს ვინ რა ხრიკებს მიმართავს მის მოსატყუებლად, იმაზე უფრო დარდობს, დარჩება თუ არა სარგებლიანი წლევანდელი სეზონი და ჩაბარებულ მოსავალში აღებული თანხით ოჯახისთვის ელემენტარული პირობების შექმნას მაინც თუ მოახერხებს, რომ არასტაბილური და მუდმივად მერყევი ფასების გამო მხრებით უიმედოდ არ უწევდეს პუნქტიდან-პუნქტში ჩასაბარებელი ნედლეულის ტარება.

'.$TEXT['print'].'