ბეგლარ სიორიძის "აღმშენებლობა" მდინარემ პირველივე შემოტევისას მიწასთან გაასწორა
ავტორი: გურიის მოამბე
ბეგლარ სიორიძის "აღმშენებლობა" მდინარემ პირველივე შემოტევისას მიწასთან გაასწორა

ნაპირსამაგრი კედლის მიწასთან გასწორების პარალელურად მდინარე ბჟუჟმა წყალს 3 მილიონი ლარიც გააყოლა - ისევ "პირამიდა" ისევ სიორიძე და ისევ მითვისებული თუ წყალსგატანებული მილიონები

ამ დღეებში ოზურგეთში მოსულმა უხვმა ნალექმა მუნიციპალიტეტს სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქში დიდი ზიანი მიაყენა.

მოსახლეობას პრობლემები ადიდებულმა მდინარეებმა შეუქმნა.

დაიტბორა ათეულობით სახლი, მწყობრიდან გამოვიდა მილხიდები, ასევე ჩოხატაური ოზურგეთის ავტომაგისტრალზე მდებარე შემოვლითი ხიდი - (ცენტრალური ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს) - რის გამოც ამ გზაზე საავტომობილო მიმოსვლა დღესაც შემოვლით გზით ხდება.

ადგილობრივი ხელისუფლებისათვის კი ყველაზე მოუოდნელი ადიდებული მდინარე ბჟუჟის მიერ ქალაქის სანაპიროსთან მდებარე ნაპირსამაგრი კედლის მწყობრიდან გამოყვანა გახდა.

მოულოდნელი იმიტომ, რომ ეს სამუშაოები ახლახანს, ბეგლარ სიორიძის მერობის დროს განხორციელდა და მასში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიონ 150 ათასი ლარი დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მერიის მიერ 2014 წლის დეკემბერში - „მდინარე ბჟუჟის ნაპირდამცავი ჯებირის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან“ დაკავშირებით - გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ლიტომი“ გახდა, თუმცა ეს უკანასკნელი ოზურგეთის მაშინდელმა მერმა, ბეგლარ სიორიძემ ოზურგეთიდან გააძევება და ის „პირამიდათი“ ჩაანაცვლა.

ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული მერიის  დავების განხილვის საბჭომ, კომპანია „პირამიდას“ საჩივრის საფუძველზე მიიღო.

„პირამიდა“ მიიჩნევს, რომ „ლიტომის“ მიერ ქალაქ ოზურგეთის მერიისათვის, ტენდერში გამარჯვების შემდეგ, წარდგენილი დოკუმენტაცია-ამ უკანასკნელის მოთხოვნის საფძველზე-არ შეესაბამებოდა სატენდერო მოთხოვნებს.

როგორც სხდომის ოქმიდან ირკვევა, დავების განხილვის საბჭომ კომპანია „პირამიდას“ მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა და დაავალა ქალაქ ოზურგეთის სატენდერო კომისიას ამავე საბჭოს გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე გადაეხედა თავისი გადაწყვეტილებისათვის, რომელიც „ლიტომთან“ მისურთიერთობებს ითვალისწინებდა.

თავის მხრივ ქალაქ ოზურგეთის სატენდერო კომისიამ  (თავმჯდომარე ბეგლარ სიორიძე, წევრები მერაბ წივწივაძე, დავით გორდელაძე,გიორგი ხუროშვილი,  მარიკა ნაცვალაძე, მედეა მჟავანაძე, მარინა დათუნაშვილი;) განიხილა და გადაწყვიტა:

მთლიანად გაუქმდა „ლიტომთან“ არსებული ყველა გარიგება და თავად კომპანიას მიეცა დისკვალიფიკაცია.

აქედან გამომდინარე, მდინარე ბჟუჟის ნაპირსამაგრი სამუშაოები კომპანია „პირამიდამ“ განახორციელა.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ივნისის #1381 განკარგულებით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად 3 მილიონ 150 ათასი ლარი გამოიყო, „ლიტომი“ ამ სამუშაოებს ორ მილიონ ნახევრად ატარებდა, კომპანია „პირამიდა“ კი იგივე სამუშაოებისათვის მეტ თანხას ითხოვდა.

გასათვალისწინებელია, რომ მანამ, სანამ „პირამიდა“ „ლიტომს“ დავების განხილვის საბჭოში უჩივლებდა, „ლიტომის“ წარმომადგენლებს, არაოფიციალური ინფორმაციით, გურიის მაღალჩინოსნები, მაშინდელი გურიის გუბერნატორის (გია სალუქვაძე) კაბინეტში „საქმეებს ურჩევდნენ“.

„გურიის მოამბესათვის“ მიწოდებული არაოფიციალური ინფორმაციით, რომლის დადასტურება ოფიციალურად მაშინ არ მომხდარა, „ლიტომის“ წარმომადგენლებს კომპანია „პირამიდას“ ხელმძღვანელები აშანტაჟებდნენ.

თავად კომპანია „პირამიდა“ კი გურიაში უკვე რამდენიმე წელია მოღვაწეობს და მას ლანჩხუთსა და ოზურგეთში უამრავი პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის რამდენიმე, მაგალითად კონჭკათის საავტომობილო გზის მოასფალტება და ლანჩხუთის ქუჩების რეაბილიტაცია, მუდმივი სკანდალების ფონზემიმდინარეობდა.

კომპანიის საქმიანობის ირგვლივ კი საზოგადოებას უამრავი პასუხგაუცემელი კითხვები აქვს.

(სკანდალი 2) მათ შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მერია-კონჭკათის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა

პროექტის საერთო ღირებულება 2 500 000 ლარს შეადგენდა. სამუშაოები 2014 წელს დაიწყო. მოეწყო მილხიდები, განხორციელდა გზის გამაგრებითი სამუშაოები, გზის მოასფალტება .

მერია-კონჭკათის დამაკავშირებელი 4, 700 მ. სიგრძის გზის მშენებლობა იმავე წელს დასრულდა.

თუმცა პროექტის მიმდინარეობისას  კომპანია „პირამიდა“-ს წარმომადგენელ- შოთა ცინცაძეს, თავს დაესხნენ და გაიტაცეს.

ბიზნესმენის გატაცება,  დაახლოებით 18 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების  მერია-კონჭკათის საავტომობილო გზაზე მოხდა.

გატაცებული ბიზნესმენი 6 საათის დაგვიანებით, ძლიერ ნაცემი, ოზურგეთის საავადმყოფოში მომხდარიდან 6 საათის შემდეგ მოათავსეს.

(სკანდალი 3) ნაპირდამცავი ჯებირების მშენებლობა მდინარე ნაბჟუარაზე

პროექტი 1 255 152 ლარის ღირებულებისაა და ქალაქ ოზურგეთში მდინარე ნაბჟუარაზე ნაპირდამცავი ჯებირების მოწყობას ითვალისწინებს. ჯებირები მდინარის ორივე მხარეს 1418 გრძივ მეტრზე, მიწის ზევით 1,8 ხოლო მიწის ქვეშ 1,5 მეტრზე ჩაისხა

ამ პროექტის განხორციელება მუდმივი სკანდალებისა და გაწევ გამოწევის ფონზე მიმდინარეობდა და მისი დასრულება რის ვაი ვაგლახით მოხდა, თუმცა განმახორციელებელ კომპანიას ქვეკონტრაქტორები გაწეული სამუშაოებისათვის კუთვნილი თანხების გადაუხდელობაში ადანაშაულებდნენ.

(სკანდალი 4) ყველაზე დიდი სკანდალი კი "პირამიდასა" და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირს შორის ქრთამის გადაცემის ფაქტს მოყვა, რასაც წინ "პირამიდას" გაქრობა უძღოდა:

ქალაქ ოზურგეთის მერიამ, ფირმა "პირამიდას" - ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულება შეუწყვიტა.

არაოფიციალურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქალაქის მერიამ ხელშეკრულება აღნიშნულ კომპანიას მას შემდეგ გაუწყვიტა, რაც ტენდერით გათვალისწინებული თანხის დარჩენილი ნაწილი მთლიანად გადაურიცხა, რომლის შემდეგაც "პირამიდა" - ნაცვლად სამუშაოების დასრულებისა, ხელმძღვანელებიანად გაქრა.

სწორედ ამის შემდეგ მოხდა ქრთამის აღების სკანდალი, რამაც ადგილობრივ დონეზე დიდი აჟიოტაჟი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რადგან ოზურგეთელთა უმრავლესობა მიიჩნევდა რომ ინცინდენტში მთავარი ფიგურანტი, მაშინდელი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე მომხდარში მოტყუებით მონაწილეობდა და მას მახე მაშინდელმა ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ დაუგო.

კომპანია "პირამიდას" და მის განხორციელებულ პროექტებს მაშინდელი მოწვევის ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი თამარ ნადირიძე მუდმივად აკრიტიკებდა და ამის თაობაზე ჩვენთან ("გურიის მოამბე") უამრავი დასაბუთებული წერილი თუ სტატია გამოაქვეყნა, თუმცა ხელისუფლებიდან დეპუტატის კრიტიკით მაშინ არავინ არ დაინტერესებულა.

 

'.$TEXT['print'].'