ლანჩხუთში გამოფენა სახელწოდებით „კინო და თეატრი“ გაიხსნა
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთში გამოფენა სახელწოდებით „კინო და თეატრი“ გაიხსნა

მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამოფენა სახელწოდებით „კინო და თეატრი“ გაიხსნა. დამთვალიერებლისთვის წარმოდგენილია კინოსა და თეატრის ისტორიის ამსახველი გამოფენა, რომელიც ეძღვნება ქართული კინოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას, პირველი ქართული მხატვრული მუნჯის ფილმის „ქრისტინეს“ ეკრანიზაციის 100 წლის იუბილეს.
როგორც მუზეუმის ხელმძღვანელმა, ნონა იმნაძემ განაცხადა, ეგნატე ნინოშვილის მოთხრობები საფუძვლად უდევს ბევრ ქართულ მხატვრულ ფილმს, როგორებიცაა „დარიკო“, „პალიასტომის ტბა“, „ჯანყი გურიაში“ და ა.შ. რომლებიც ქართული კინოს შედევრებად ითვლებიან.
დამთვალიერებელს საშუალება აქვს იხილოს იმდროინდელი თეატრის აფიშები და საკმაოდ მრავალფეროვანი ფოტომასალა, რომელიც დედაქალაქში მოღვაწე ლანჩხუთელმა, მაია გოგიჩაიშვილმა, საჩუქრად გადასცა მუზეუმს.
ღონისძიებას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ია ჩხაიძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

'.$TEXT['print'].'