"შეცვალე" და "სირცხვილია" პარლამენტთან აქციას მართავენ
ავტორი: გურიის მოამბე
"შეცვალე" და "სირცხვილია" პარლამენტთან აქციას მართავენ

ოცნების დარღვეული შეთანხმება და ციხეში დატოვებული პოლიტპატიმარი გიორგი რურუა - მმართველი პარტიის შეუსრულებელ დანაპირებს დღეს პარლამენტთან გააპროტესტებენ მოძრაობა "შეცვალესა" და "სირცხვილიას" აქტივისტები. ისინი ბიძინა ივანიშვილის გუნდს მოუწოდებენ საკონსტიტუციო ცვლილებების  ფინალურ  კენჭისყრამდე 8 მარტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს  და  გიორგი რურუა პატიმრობიდან გაათავისუფლოს. 

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში.

ეს დღე ალბათ შევა ისტორიაში, როგორც ძალიან გარდამტეხი, რადგან დღეს მესამე მოსმენით უნდა მიიღონ საკონსტიტუციო ცვლილება, რომელმაც უნდა წაგვიყვანოს უფრო დასავლური, ცივილური, თანამედროვე საარჩევნო სისტემისკენ, რომელიც გვიტოვებს შანსს, რომ არ მივებათ რუსეთს და დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახს. ჩვენ 8 მარტის შეთანხმების ორივე პუნქტის შესრულებისთვის ვართ აქ მოსული, - ამბობს იგი. 

მაქარაშვილის თქმით, არ შეიძლება დანაპირებების შეუსრულებლობა, რადგან ეს აზიანებს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო მასშტაბით.    

აქცია პარლამენტთან ახლა იწყება და მას უერთდებიან გიორგი რურუას მეგობრებიც.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ პოლიტიკური პროცესები ჩვენთვის ამ ეტაპზე არის მეორეხარისხოვანი, ჩვენთვის მთავარია გიორგი რურუას გათავისუფლება. თუმცა რა თქმა უნდა, დღევანდელი დღე მნიშვნელპვანია და არ უნდა ჩავარდეს კანონპროექტი, ამასაც ვითვალისწინებთ. ამიტომ პროცესების მართვა იქნება ისე, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავიცავთ წესრიგს, კანონის ფარგლებში ჩავატარებთ მშვიდობიან აქციას და მოვითხოვთ გიორგი რურუას გათავისუფლება, - ამბობს გიორგი რურუას მეგობარი ლევან მერებაშვილი. 

მისი თქმით, თუ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, საპროტესტო აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით უნდა უყაროს კენჭი საკონსტიტუციო ცვლილებებს. 

'.$TEXT['print'].'