გურიის მოამბე

“უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შესაძლო შეჩერების თავიდან ასაცილებლად განიხილება რამდენიმე პოლიტიკური გამოსავალი”

“უამრავი პირადი შეტყობინება მივიღე გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შესაძლო განთავისუფლებას ეხებოდა.
ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე, ჩემი მოსაზრება და ის კულუარული ინფორმაცია, რომელიც ამ თემაზე სხვადასხვა წყაროდან მომდის, საჯაროდ გაგიზიაროთ.
უახლოეს დღეებში ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განხილვები გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირთან ურთიერთობებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად კვლავ რჩება მიხეილ სააკაშვილის საკითხი. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შესაძლო შეჩერების თავიდან ასაცილებლად განიხილება რამდენიმე პოლიტიკური გამოსავალი, მათ შორის მისი საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაყვანის სცენარიც. სწორედ ამ შინაარსის გზავნილებით მიდიან, როგორც ამბობენ, ქართული მხარის წარმომადგენლები ევროპელ პარტნიორებთან.
რამდენად მისაღები იქნება ეს მიდგომა ევროპული ინსტიტუტებისთვის და რა დამატებით პირობებს დააყენებს ევროკავშირი, ამას უახლოესი დღეები გვაჩვენებს.
თუმცა ერთი რამ აშკარაა – მანევრირების სივრცე ხელისუფლებას სულ უფრო უმცირდება.
ივანიშვილისთვის ყველაზე მტკივნეული თემა დღეს უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებაა. მისი შესაძლო შეჩერება მხოლოდ საგარეო პოლიტიკური დისკომფორტი არ იქნება. ეს პირდაპირ შეეხება საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს, ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას და ევროკავშირთან ურთიერთობების მომავალს.
უფრო მეტიც, ასეთმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა სერიოზულად გაზარდოს საზოგადოებრივი უკმაყოფილება, კიდევ უფრო გააღრმაოს პოლიტიკური პოლარიზაცია და დამატებითი პრობლემები შეუქმნას თავად ხელისუფლების სტაბილურობას. სწორედ ამიტომ, უვიზო რეჟიმის საკითხი უკვე დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ საგარეო პოლიტიკის თემა – ის შიდა პოლიტიკური სტაბილურობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად იქცა. ახლა ივანიშვილისთვის ყველაზე პანიკური შიში – რევოლუციაა, რომელიც შეიძლება ლიდერის გარეშეც მოხდეს.
ჩემი შეფასებით, მხარეები საბოლოოდ შეთანხმების გარკვეულ ფორმულამდე მივლენ. არ გამოვრიცხავ, რომ ამისთვის საჭირო გახდეს საემიგრაციო კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასჯელისგან გათავისუფლებისა და ქვეყნიდან გაძევების მექანიზმს დაარეგულირებს.
დრო აჩვენებს, რამდენად სწორია ეს პროგნოზი, თუმცა ამ ეტაპზე მოვლენების განვითარება სწორედ ამ მიმართულებით უფრო რეალისტურად მეჩვენება.”

წერს, საფრანგეთში მოღვაწე, AFG გენერალური ასამბლეა Association de l’Amitié France–Géorgie ხელმძღვანელი, ნუგზარ სულაშვილი;

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights