ეჭვი მეპარება ისეთი კონკურენტი და მეტოქე, როგორც სააკაშვილია, ცოცხალი გაუშვან ციხიდან – პაატა ზაქარეიშვილი

პოლიტოლოგ, პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის თემა არის ნიმუში იმისა, როგორი „ავადმყოფია არა სააკაშვილი, არამედ სახელმწიფო“. ამის შესახებ ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„აღტაცებული ვარ, ეს ერთი ადამიანი, როგორ ქმნის თავისი თავისგან პოლიტიკოსს და ანგარიშგასაწევ ძალას. მისი ავადმყოფობა და ციხეში ყოფნაც კი, საავადმყოფოში ყოფნაც კი, ყველაფერი პოლიტიკური დღის წესრიგია.

ვხედავთ, როგორ არ ჩამოდის სცენიდან, მასზე საუბრობენ საქართველოში და მსოფლიოში საქართველოზე მის გამო საუბრობენ. ზოგადად, ეს არ არის კარგი, მაგრამ ეს არის რეალობა, კეთილი უნდა ვინებოთ და რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ.

ჩემთვის ყველაზე მიუღებელია უკვე არა სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ბედი, არამედ როგორ მოქმედებს სახელმწიფო, როგორ ხდება შურისძიება ძველი ხელისუფლების მიმართ, ეს არის გამაოგნებელი. სააკაშვილი ჩემთვის არის ნიმუში იმისა, როგორი ავადმყოფია არა სააკაშვილი, არამედ სახელმწიფო“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილს ეჭვი ეპარება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გაუშვას, რადგან მათ მიხეილ სააკაშვილის „დაბეჩავებული“ მდგომარეობა სჭირდებათ.

“ქართული ოცნება“ იმდენად არის ჩაბღაუჭებული ძალაუფლებაზე, იმდენად ყველაფრის მკადრებელია, რომ ეჭვი მეპარება ისეთი ოპონენტი, კონკურენტი, მეტოქე, როგორც სააკაშვილია, ცოცხალი გაუშვან ციხიდან. მე არ მგონია, რომ მისი სიკვდილი უნდათ, მაგრამ მათ უნდათ მისი დაბეჩავებული მდგომარეობა. ღმერთმა დაიფაროს და თუ გარდაიცვალა, ეს არ იქნება კარგი საქართველოსთვის, მაგრამ არ იქნება ტრაგედია „ქართული ოცნებისთვის“. მათ ურჩევნიათ, რომ არ მოკვდეს და მომაკვდავ სააკაშვილს მუდმივად ყურადღება მიჰქონდეს. წელი მთავრდება და იწყება მისი თემით, ხოლო სიღარიბე, ეკონომიკა, გეოპოლიტიკური გამოწვევები, უმუშევრობა – არაფერზე არ არის საუბარი. ეს უნდა „ქართულ ოცნებას“. მათ იციან, რომ ოპოზიცია არის სუსტი, ამიტომ ურჩევნიათ სააკაშვილის „ჰაერში ყოფნა“. განეიტრალება იქნებოდა უკრაინაში რომ გაეშვათ ომის დროს, მაგრამ მათ სჭირდებათ ასეთი სააკაშვილი, თან იქნება აქტიური თემა და თან არ გადავა წითელ ხაზებს. ჯერჯერობით ამ ტემპერატურას იკავებენ, თუმცა შეიძლება სიტუაცია გაექცეთ ხელიდან“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share