“სირცხვილია….უკრაინისთვის „ბუკ“-ის სისტემების მიცემაზე უარის თქმა…ეს არის ღალატი და ასეთი ღალატის ეპიზოდები მძიმე ლაქად დარჩება საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ისტორიაში“- სააკაშვილი

სირცხვილია უკრაინისთვის „ბუკ“-ის სისტემების მიცემაზე უარის თქმა!- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით საქართველომ ისინი მინიმალურ ფასში იყიდა თავის დროზე.

„სირცხვილია უკრაინისთვის „ბუკ“-ის სისტემების მიცემაზე უარის თქმა! პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით ჩვენ ისინი მინიმალურ ფასში ვიყიდეთ თავის დროზე. როდესაც უკრაინაში იანუკოვიჩი მოვიდა, იუშჩენკოს წინააღმდეგ საქმეც კი აღძრეს „ბუკ“-ის საქართველოსთვის გადმოცემის გამო და ეს გააკეთეს რუსეთის დავალებით. უფრო მეტიც, ინსტრუქტორი – პოლკოვნიკი მამჩური, რომელიც „ბუკ“-ის გამოყენებას გვასწავლიდა, რუსეთის აგენტებმა მოკლეს როვნოში 2017 წელს.

ახლა ამერიკელებმა უკრაინას გადასცეს დიდი რაოდენობით რაკეტები „ბუკ“-ისთვის. რაც მთავარია, ამ ნაბიჯით ჩვენ არა მხოლოდ უკრაინელებს ვუთხარით უარი, არამედ ამერიკელებსაც, მათი „ჯაველინების“ უკრაინისთვის სესხებაზე.

ეს არის ღალატი და ასეთი ღალატის ეპიზოდები მძიმე ლაქად დარჩება საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ისტორიაში“,- წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა გუშინ აღნიშნა, რომ კიევმა ითხოვა „ბუკის“ კომპლექსების გადაცემა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share