ახალი ამბავი გავიგეთ: თურმე, ამერიკას – პრეზიდენტი ბაიდენი და კონგრესი კი არა, რამდენიმე მდიდარი და გავლენიანი ოჯახი მართავს და ეს ადამიანები, დასავლურ სამყაროში გამეფებული ლიბერალური იდეოლოგიის მეშვეობით, არაფორმალურად მართავენ მსოფლიოსაც. ეს არის მოკლე შინაარსი იმ ვრცელი ტექსტისა, რომელიც ივანიშვილთან დაახლოებულმა ფილოსოფოსმა, სახელისუფლებო ტელევიზიების საშუალებით წარმოგვიდგინა. თუმცა ინტრიგაც დატოვა, ამ ეტაპზე, მან მსოფლიოს მმართველი ოჯახების ვინაობა არ დაასახელა.
არ ვიცი, ვის გულისხმობდა პატივცემული ფილოსოფოსი, ალბათ, მასონებს – მასებისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, თუმცა ზუსტად ვიცი ის ოჯახიც და ის კაციც, რომელიც უკვე კარგა ხანია არაფორმალურად მართავს ამ ქვეყანასაც და ბატონ შათირიშვილზეც, რბილად რომ ვთქვათ, დიდი გავლენა აქვს. ისიც ვიცი, რომ საბჭოთა პროპაგანდისტული ტრადიციებით შეზავებული ანტიამერიკული, ანტიდასავლური და ანტილიბერალური ისტერიის ეს მორიგი შემთხვევა, რომელიც ბევრს სასაცილოდ შეიძლება მოეჩვენოს, არც სასაცილოა და არც შემთხვევითი.
ეჭვგარეშეა, რომ ეს ყველაფერი ამერიკის საზოგადოებრივ სივრცეში სააკაშვილის მხარდაჭერის შესამჩნევ გააქტიურებას უკავშირდება. ფაქტობრივად, აღარ დარჩა ამერიკული მედიის არც ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, რომელმაც დატუსაღებული და სიკვდილთან მებრძოლი პუტინის პირადი პატიმრის თემა წინა პლანზე არ წამოწია. გამოჩნდნენ ცნობილი და გავლენიანი ადამიანები, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად ინიციატივებიც დააანონსეს. ამ ტალღას, რომელიც სულ უფრო მზარდია, ვერც ოფიციალური ვაშინგტონი დატოვებს ყურადღების გარეშე და დიდი ალბათობით, ზესახელმწიფოს პირველი პირის თუ არა, მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებს მაინც ვიხილავთ. მეორე მხრივ, უკვე აშკარაა, რომ ოცნების ხელისუფლებამ რუსეთის შიშითა თუ სხვა მიზეზებით, პირდაპირ უარი უთხრა არა მარტო ომში მყოფ უკრაინას დახმარებაზე, არამედ უარით გაისტუმრა ვაშინგტონიც, რომელიც უკრაინისთვის საკუთარი შეიარაღების ნაწილის დათმობის სანაცვლოდ, საქართველოს უფრო თანამედროვე იარაღს სთავაზობდა. ლოგიკა გვკარნახობს – ამ ორი ფაქტორის გამო, შეერთებული შტატებიდან კრიტიკისა და ზეწოლის უპრეცედენტო ტალღას უნდა ველოდოთ.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილს აგრესიულ თავდაცვაზე გადასვლა და კრიტიკის ამ ცუნამის განეიტრალება მოუწევს, რისთვისაც ხალხის ძალისა და კობახიძე-მდინარაძის საპასუხო რეპლიკები საკმარისი აღარ იქნება. ტალღის მოსაგერიებლად, რომელმაც შესაძლოა ხელისუფლებისთვის არანაკლებ საშიში პარალელური ტალღები ქართულ საზოგადოებაშიც წარმოქმნას, საჭიროა მილიარდერის ხელში ძალაუფლების შემდგომი კონსოლიდაცია, ჯერ კიდევ დარჩენილი დემოკრატიული სივრცის საგრძნობლად დავიწროება, დასავლეთის სრული დემონიზება, ბოლოს კი ევროატლანტიკურ კურსზე საბოლოოდ უარის თქმა და რუსეთთან ღია ალიანსი. რაც დღევანდელ საზოგადოებაში ფართო დასავლური მხარდაჭერის, მრავალფეროვანი კრიტიკული მედიის არსებობისა და ჯერ კიდევ ძლიერი არასამთავრობო სექტორის პირობებში, პრაქტიკულად, შეუძლებელია. საქმე გვაქვს სახელისუფლებო პროპაგანდისტული, ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების სრული ჩართულობით საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისა და მის წიაღში ექსტრემისტული, შავრაზმული მოთხოვნების კულტივაციის პროცესთან, რომლის შედეგადაც, ამ ქვეყანაში დარჩენილი დემოკრატიის კუნძულები არა მილიარდერის გადაწყვეტილებით, როგორც პუტინის შემთხვევაში, არამედ ხალხის მოთხოვნით უნდა დაიხუროს. შედეგად, საქართველოში კლასიკური რუსული ტიპის ავტორიტარული მმართველობა დამყარდება. და როდესაც საკითხი უკვე ასე დადგება: გარყვნილი, სატანისტური და მასონების მართული ამერიკა და დასავლეთი – თუ აგრესორი, თუმცა მაინც ერთმორწმუნე რუსეთი, პასუხიც ობიექტურად ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გაეცეს.
სწორედ ეს არის 2023 წლის ჩემი მთავარი პროგნოზი, რასაც, რაც არ უნდა არ მოგვწონდეს, თვალი უნდა გავუსწოროთ: არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოურ აგენტებად გამოცხადების რეპრესიული კანონმდებლობა უკვე პარლამენტშია; ნიკა გვარამია კვლავ ციხეში; ფორმულას დამფუძნებლის სასამართლო თვის ბოლოსაა ჩანიშნული; კრიტიკული ტელევიზიებსა და არასამთავრობოებს ფინანსურად ახრჩობენ; გრძელდება ღია რეპრესიები ქუჩაში: აბა სადმე თუ გსმენიათ, დამნაშავემ ტელევიზიით თავად გაახმაუროს საკუთარი დანაშაული? არადა ახალი წლის დღეებში ხელისუფლების კონტროლირებადი მედიის გამხსნელ სიუჟეტებში რიხიანად გვიყვებოდნენ, თუ როგორ ცემა ვინმე გიგიშამ ყოფილი პრემიერი, რასაც თავად გიგიშაც ამაყად ადასტურებს. ეს სხვა არაფერია, თუ არა ძალადობის ლეგიტიმაცია. გიგიშას და მისნაირებს მწვანე შუქი აქვთ ანთებული, ფიზიკურად გაუსწორდნენ ნებისმიერს, ვინც ხელისუფლებას თვალში არ მოსდის. საზოგადოებისთვის მილიარდერის გზავნილი ასეთია: თუ მე არ მომწონხარ, უნდა გეშინოდეს; გეშინოდეს სახლშიც, ქუჩაშიც, სამსახურშიც და ყველგან. ამის მიზანი კი ისაა, რომ არასასურველი ადამიანები ან ღრმა შინაგან ემიგრაციაში გადაიყვანონ, გააპასიურონ და გააჩუმონ, ან ქვეყნიდან წასვლა აიძულონ, ზუსტად ისე, როგორც ამას წლების განმავლობაში პუტინი რუსეთში ეფექტურად აკეთებდა.
არადა წლების განმავლობაში თამამად ვამბობდით, რომ საქართველო ვერასდროს გახდებოდა დიქტატურა, რადგან ამ ტიპის მმართველობას დიდი იაფი ფული, პირველ რიგში, ფინანსური რესურსი სჭირდება, რაც ღარიბ საქართველოს არასდროს გააჩნდა. ავტორიტარული სისტემა ასე მუშაობს: ნავთობდოლარების ნაწილის ხარჯზე მმართველი მოსახლეობის უმრავლესობას მინიმალურ სოციალურ მოთხოვნებს უკმაყოფილებს, ხოლო პოლიტიკურად აქტიური ნაწილი რეპრესიებით შიშსა და მორჩილებაში ჰყავს. თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ადამიანის უფლებებისთვის თავგადადებული მცირე ნაწილი კი ვითარებაზე გავლენას ვეღარ ახდენს. საქართველოში აქამდე მართლაც არცერთ ლიდერს არ ჰქონდა საკმარისი რესურსი, რომ მოსახლეობის უმრავლესობის კმაყოფილება მათი სოციალური უზრუნველყოფით მოეპოვებინა, რეპრესიებით ბოლომდე მოედრიკა და რაც მთავარია, დასავლურ ორიენტაციაზე ეთქვა უარი. ამას გარდა, ქვეყანაში ყოველთვის არსებობდა უკმაყოფილო უმრავლესობა, რომელიც კრიტიკულ მომენტში ქუჩაში გასავლელად მზად იყო.
დღეს ვითარება უკვე განსხივებულია. 2-წლიანი კოვიდ პანდემიის პირობებში ოცნების ხელისუფლებამ მოსახლეობა ვირუსით სიკვდილის, გასულ წელს კი ომის შიშით აცხოვრა; სახელმწიფო ყველაზე დიდი დამსაქმებელი გახდა; რუსული ფინანსური ნაკადებით ივანიშვილის მთავრობა წარმატებით ახერხებს ბიუჯეტის შევსებასაც და თავისი მომხრეების მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებასაც; პირველად საქართველოს ისტორიაში ხელისუფლებამ რუსეთის მხარე ღიად დაიჭირა, დასავლეთს კი პირდაპირ დაუპირისპირდა; უკმაყოფილო უმრავლესობის დიდმა ნაწილმა კი, რომელიც ყოველთვის მზად იყო თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და ევროპული მომავლისთვის საბრძოლველად, ქვეყანა ან უკვე დატოვა ან წასვლაზე ფიქრობს.
მოკლედ, ქართველების თავისუფალი სულის მოდრეკისა და რუსული მმართველობითი მოდელის დამკვიდრების ოპერაციის ბოლო – ღია ფაზაში გადავედით და სიმართლეს თვალებში თუ არ შევხედეთ და ქართული სახელმწიფოს კვდომის ტრაექტორია ვერ შევაჩერეთ, სულ მალე სხვა საქართველოში გავიღვიძებთ, იქ, სადაც ავტორიტარიზმი არათუ შესაძლო, უკვე შემდგარი ფაქტი იქნება!
ფორმულა