„ხელისუფლება ბევრად უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობის პერიოდში, რადგან ნიკა მელია დისკომფორტს უქმნის მათ“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
პოლიტოლოგის განცხადებით, ჩანაწერების გამოქვეყნება და ამით შანტაჟი არის ფსკერზე ფსკერი.
მისი თქმით, ნიკა მელიამ ამ ჩანაწერების გამოქვეყნებით უფრო მეტი პლუსები შეიძლება მიიღოს.
„ფარული მიყურადება, ამის დაფაილება და შემდგომ კომპრომატად გამოყენება პოლიტიკურ ან სხვა ტიპის კონფლიქტურ სიტუაციებში არის ფსკერზე ფსკერი და საზოგადოება, რომელიც ამ ყველაფერს აჰყვება, ისიც არ არის მოწოდების სიმაღლეზე. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, აუდიოჩანაწერს [სადაც ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს], ეს იმით განსხვავდება ყველა წინა შემთხვევებისგან, რომ თუ ადრე ხელისუფლებისთვის ბრძოლის კონტექსტში გამოიყენებოდა ამ ტიპის კომპრომატის გამომზეურება, დღეს შიდაპარტიული ბრძოლის კონტექსტში იქნა ეს ყველაფერი გამოყენებული და ეს არის სიახლე.
ვის შეიძლება ეს გაეკეთებინა? სამწუხაროდ, პირველი ეჭვმიტანილი ყოველთვის არის ხელისუფალი. იმიტომ, რომ შესაბამისი რესურსი ამ ტიპის ჩანაწერების გაკეთების, პირველ რიგში, აქვს მას, თუმცა ვერ გამოვრიცხავთ, ეს მელიას პოლიტიკურ ოპონენტებსაც გაეკეთებინათ. ორივეს აქვს მოტივი ამ ყველაფრის.
ვფიქრობ, ხელისუფლება ბევრად უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობის პერიოდში. ხელისუფლებას სჭირდება აშკარად გამოხატული მტერი, რომელიც არა სიბრძნით, არამედ პლაკატურად მოქმედებს, შესაბამისად, ხაბეიშვილთან ოპონირება მათთვის ბევრად უფრო კომფორტულია.
ნიკა მელია დისკომფორტს უქმნის ხელისუფლებას, შესაბამისად, მათ [ხელისუფლების] ინტერესებშია, რომ ხაბეიშვილი გახდეს ამ პარტიის თავმჯდომარე. ახლა მთავარ გამოცდას აბარებს „ნაციონალური მოძრაობა“. არჩევნები გამოაჩენს, რამდენად სწორ რეაგირებას მოახდენენ ამ ჩანაწერების გამოქვეყნებაზე, აჰყვებიან თუ არა ამ ბინძურ თამაშს.
ვფიქრობ, ნიკა მელიამ ამ ჩანაწერების გამოქვეყნებით უფრო პლუსები შეიძლება, მიიღოს და მისთვის მოგებიანი გახდეს ეს ჩანაწერი საბოლოო ჯამში, ვიდრე ის სცენარი აღსრულდეს, რაც ჩანაწერის გამომქვეყნებელს ჰქონდა.