ლანჩხუთში ისევ სტიქიას ებრძვიან – მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, გადაუდებელი შემთხვევების გარდა, მათივე უსაფრთხოებისთვის, არ გამოვიდნენ სახლებიდან
ცენტრალურ მაგისტრალზე ხე წაიქცა, რომელიც მანქანას დაეცა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი და ის კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც მერიაში აცხადებენ, ძლიერმა ქარმა ლანჩხუთში 40 ხე წააქცია, დაზიანებულია გაზსადენი მილები და ელექტროგადამცემი ხაზები. რამდენიმე სოფელსა და ქალაქს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია.
ქარმა 100-მდე შენობას გადახადა სახურავი, მათ შორის პოლიციის სამმართველოს. ხე დაეცა სუფსის დაწყებით სკოლას და სასულიერო გიმნაზიას, დაზიანებულია რამდენიმე სავაჭრო ობიექტი.
ცნობისთვის, მეორე დღეა მთელ დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია.