გულწრფელად გეტყვით, მჯერა შევაჩერეთ რუსეთის ამბიცია აეღო თბილისი. რუსეთს დანამდვილებით სურდა სააკაშვილის დამხობა – აცხადებს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი “ამერიკის ხმის” უკრაინულ რედაქციასთან საუბარში, 2008 წლის ომზე საუბრისას.
რაისი ასევე იხსენებს ბუქარესტის სამიტს, რომელიც საქართველოში რუსულ აგრესიას უძღოდა წინ და საქართველოს მაშინ მაპი არ მიანიჭეს. როგორც რაისი ამბობს, შეერთებული შტატები ამას ითხოვდა, მაგრამ კონსენსუსზე დაფუძნებულ ნატოს ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ ჰქონდა.
აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამჟამინდელ მდგომარეობასაც ეხმაურება:
“ნება მომეცით ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მივმართო საქართველოს სააკაშვილის სახელით, რომელიც ავადაა და ციხეშია. ის არის ადამიანი, რომელზეც მე იმედი მაქვს, რომ სრულად გავაცნობიერებთ მის ისტორიულ როლს და ახლა მის ჰუმანიტარულ სიტუაციას”. ამბობს რაისი.