უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ოკუპანტების მორიგი სამიზნე დღეს უკრაინის რამდენიმე ქალაქი იყო. როგორც ის გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს დნიპროში, სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა და გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია.
“რუსეთმა კიდევ ერთი მასობრივი სარაკეტო დარტყმა მიაყენა უკრაინის ქალაქებს. ტერორისტების სამიზნე იყო კიევი, ხარკოვი, ოდესა, კრივი რიჰი, დნიპრო, ვინიცია, ლადიჟინი, ბურშტინი, ხმელნიცკი და სხვა ქალაქები. რუსეთის ამ დარტყმის შედეგად ქალაქ დნიპროში საცხოვრებელი კორპუსი დაინგრა. მოვახერხეთ ათობით ადამიანის გადარჩენა – დაშავებულებს დახმარებას უწევენ. ნანგრევებისგან გაწმენდა გრძელდება და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. რამდენი ადამიანია ნანგრევების ქვეშ, ჯერ-ჯერობით უცნობია. სამწუხაროდ, დაღუპულთა რიცხვი ყოველ საათში იზრდება… ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და მეგობრებს” – ამბობს ზელენსკი
გარდა ამისა მისივე თქმით ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზეც, ამ მხრივ კი რთული ვითარებაა ხარკოვისა და კიევის რეგიონში.
ერთი დღის განმავლობაში, უკრაინის თავზე გაშვებული 30-ზე მეტი რაკეტიდან 20-ზე მეტი ჩამოვაგდეთ. ეს არის ასობით გადარჩენილი სიცოცხლე. მადლობას ვუხდი ჩვენს საჰაერო ძალებს და ყველას, ვინც ემსახურება ქვეყანას. სამწუხაროდ, არის დარტყმები ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებში. ამ მხრივ, ურთულესი ვითარებაა ხარკოვისა და კიევის რეგიონებში.
შესაძლებელია თუ არა რუსული ტერორის შეჩერება? დიახ. შესაძლებელია თუ არა ამის გაკეთება სხვანაირად, ვიდრე უკრაინის ბრძოლის ველზე? სამწუხაროდ, არა. ეს შეიძლება და უნდა გაკეთდეს ჩვენს მიწაზე, ჩვენს ცაზე, ჩვენს ზღვაში.
რა არის საჭირო ამისათვის? იარაღი, რომელიც ჩვენი პარტნიორების საწყობებშია და რომელსაც ასე ელოდებიან ჩვენი მეომრები. მთელმა მსოფლიომ იცის, როგორ უნდა შეაჩეროს ისინი, ვინც სიკვდილს თესავს და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამაში გვეხმარება! – თქვა ზელენსკიმ.