ლევან ბერძენიშვილი ყვარელში მომხდართან დაკავშირებით ამბობს, რომ აქცია მართული იყო, პოლიცია კი არ მოქმედებდა. დღეს, 15 იანვარს ბერძენიშვილი ევროატლანტიკურ ცენტრთან, სადაც ლექცია უნდა ჩაეტარებინა, არ მიუშვეს.
როგორც მან გადაცემა კვირის ფორმულაში თქვა, ორივე ხელისუფლების მიერ იყო მართული.
ის ყვება, რომ მომდარის შემდეგ ალტ-ინფოს ჟურნალისტმა დაურეკა და უთხრა, რომ აქცია სწორედ მათი ორგანიზებული იყო.
“იმის მიხედვით, რასაც ისინი ლაპარაკობდნენ, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათ ტექსტი მისცეს, მაგრამ კარგად ვერ შეისწავლეს ეს ტექსტი, იმიტომ, რომ რაღაც წინადადებები ბოლომდე ვერ მიჰყავდათ, თუმცა მაინც ჩამოყალიბდა 4 საკითხი: პირველი ის იყო, რომ მე საერთოდ კახეთში არ უნდა ჩავიდე, მეორე ის იყო, რომ მე ერეკლე მეფეზე არ უნდა მესაუბრა, მესამე იყო, რომ პატრიარქს იცავდნენ ჩემგან – არ ვიცი, რა ეპიზოდი იყო და რას გულისხმბოდნენ და მეოთხე იყო, რომ ლგბტ თემი ძალიან არ მოსწონს მათ, მე თურმე მომწონს…” – ყვება ბერძენიშვილი.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეები აგრესიულები იყვნენ, პოლიცია კი არაფერს აკეთებდა.
“პოლიციას რომ ჰქონოდა სურვილი, ისინი იმდენი არ იყვნენ, რომ მე ვერ გავეტარებინე, მაგრამ პოლიცია საერთოდ წყანარად იყო, ჩემთნ არ მოსულან და არ უთქვამთ: ხომ არ წახვალთ, ან ხომ არ მოხვალთ, ისინი იქ იყვნენ, როგორც სტატისტები, ორივე იყო ხელისუფლების მოგზავნილი”, – ამბობს ბერძენიშვილი.
ის ყვება, რომ გზის გაგრძელება შეუძლებელი იყო, რადგან აქციის მონაწილეებს ჩაკეტილი ჰქონდა.
“ოცდაათიოდე კაცმა მოახერხა გზის გადაკეტვა ქალაქ ყვარლის ცენტრში… სხვათა შორის, ჩვენ მანქანა არ მოგვიბრუნებია, ჩვენ უკუსვლით წავედით, როგორც მთელი ქვეყანა”, – თქვა მან.
ბერძენიშვილი დღეს მისი ლექციის მოსასმენად მისულებს დაპირდა, რომ მათთან აუცილებლად ჩავა და ლექციას წაუკითხავს.
ბერძენიშვილის ლექცია ორგანიზატორებმა უსაფრთხოების მიზნით გააუქმეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს, ფორმულა მათ კომენტარს ამ დრომდე ელოდება.