ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში, გია ხუხაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებები შეაფასა, სადაც ლავროვმა, აღნიშნა, რომ საქართველო დასავლეთის ზეწოლის ქვეშ იმყოფება, თუმცა მას უძლებს და რისთვისაც, ლავროვის თქმით, რუსეთი საქართველოს პატივს სცემს.
ანალიტიკოსის განცხადებით, რუსეთის ქებას რაღაც მიზეზები აქვს.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება სულ სხვა მიმართულებით მოძრაობს და სწორედ ამის გამო უჩნდება პარტნიორებს კითხვები.
„ბუნებრივია, სერგეი ლავროვის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ საქართველო დასავლეთის ზეწოლის ქვეშ იმყოფება, თუმცა მას უძლებს და ამას პატივს სცემენ, ქართული ოპოზიციის მხრიდან მორიგი ბრალდებების ტალღა მოჰყვა ხელისუფლების მიმართ, რომ ისინი ატარებენ პრორუსულ პოლიტიკას და ამის დასტურად მოიყვანეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება. ხელისუფლებამ, როგორც მოსალოდნელი იყო ამის საპირისპირო უკუღმა ლოგიკა დაალაგა და თქვა, რომ ლავროვმა ეს განცხადება ოპოზიციის მხარდასაჭერად გააკეთა ეს განცხადება, რომ მერე ამათ აქ სალაპარაკო ჰქონოდათ და აი, ამ იწილო-ბიწილოში ვართ ისევ და ისევ სამწუხაროდ.
სინამდვილეში ხელისუფლება, რომელსაც კრიტიკული ანალიზის უნარი აქვს, დაფიქრდებოდა ძალიან მარტივ თემაზე, თუ რატომ ხდება ისე, რომ ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც აქებს ჩვენს ხელისუფლებას, არის რუსეთი და ყველა სახვა პარტნიორი ქვეყნებისგან მხოლოდ კითხვის ნიშნები და კრიტიკა ისმის. ამ ქებას აქვს რაღაც მიზეზები. როდესაც შენს პარტნიორებს, მეგობრებს შენთან კითხვები აქვს, უნდა ცდილობდე, რომ ამ კითხვებს არგუმენტირებული პასუხი გასცე და არა მუდმივად პოზაში იდგე და აქედან კრიტიკაზე კონტრაგრესიით პასუხობდე.
სინამდვილეში პრობლემა გახლავთ იმაში, რომ ქართული პოლიტიკაში, მიუხედავად დეკლარირებული მიზნებისა და ჩვენი ხელისუფლება დღემდე ლაპარაკობს, ჩვენ ევროპისკენ მივდივართ და ეს არის ჩვენი სტრატეგიული ამოცანა, არ ხდება სინქრონიზაცია აი, ამ დიდი გლობალური ომის ფონზე იმ პოლიტიკასთან, რასაც ჩვენი პარტნიორები, მომავალი ოჯახის წევრები ატარებენ. ბუნებრივია, იქ ამაზე გაჩნდება კითხვები, ისინი ცდილობენ, შეათანხმონ ყველა თავისი ნაბიჯი და ერთობლივად იმოქმედონ რუსული იმპერიული აგრესიის წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყანა ამ დროს სულ სხვა მიმართულებით მოძრაობს. არის შემთხვევები, როდესაც ამის საწინააღმდეგო მიმართულებითაც კი დგამს ნაბიჯებს“, – აცხადებს ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში.
ხუხაშვილი, ასევე, აცხადებს, რომ რუსეთის ამოცანა არ არის ქართველებს უყვარდეთ, მათი ამოცანაა, რომ საქართველოს რუსეთის ეშინოდეს.
„ყველა ფრთხილობს, მეტ-ნაკლებად ყველას აქვს რუსეთისგან საფრთხის შეგრძნება და საკმაოდ მოზომილად იქცევიან. ჩვენ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, სიფრთხილესა და შიშს შორის არის ძალიან დიდი განსხვავება. ერთია, სიფრთხილეზე აგებული პოლიტიკა და მეორეა, შიშზე აგებული პოლიტიკა, რასაც სამწუხაროდ ვხედავთ ჩვენ ჩვენი ხელისუფლების შესრულებით.
ნებისმიერი ნაბიჯი, ნებისმიერი პრინციპული პოზიცია რუსეთთან მიმართებით ჩვენი ხელისუფლების მხრიდან აღიქმება ომის სურვილად, შესაბამისად, ისინი თავის პოლიტიკას აგებენ რუსეთის უძლეველობის მითოლოგიასა და მის შიშზე და შესაბამისად, ფრთხილად, შეშინებულები უნდა ვიყოთ და არცერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით არ უნდა გადავდგათ, პრინციპულობა არ უნდა გამოვავლინოთ და რუსეთის მიზანი ზუსტად ეს არის.
რუსეთის ამოცანა არ არის ქართველებს უყვარდეს. მათი ამოცანა, რომ ჩვენ გვეშინოდეს და ლავროვი ზუსტად ამას აკეთებს – ქართველებო გეშინიათ ჩვენი, ძალიანაც კარგი, ყოჩაღ თქვენ, აი, ასეთი მშიშარები უნდა იყოთ. შესაბამისად, მშიშარა იმპერიის ლუკმაა საბოლოო ჯამში, ეს რუსეთს ძალიან კარგად ესმის და ნელ-ნელა რბილი ძალით გვყლაპავს კიდეც“, – აღნიშნავს გია ხუხაშვილი.
ცნობისთვის, 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება.