24 თებერვალს ხელისუფლებას განაჩენს გამოვუტანთ – გედევან ფოფხაძე

კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა „ქართული ოცნების“ გარშემო ისეთი კრიზისი შეიქმნას, რომ იძულებული გახდეს, ერთი პირის მიმართ სამსახური შეწყვიტოს და ქართველ ხალხს ემსახუროს , – ამის შესახებ პოლიტიკოსმა, გედევან ფოფხაძემ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილის მიერ 24 თებერვალს დაგეგმილ, საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ და უკრაინის სოლიდარობის აქციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, მსოფლიომ, ევროპამ და უკრაინამ უნდა დაინახოს, რომ „სხვა საქართველო არსებობს“.

„ამისთვის ყველა საშუალებას გამოვიყენებთ. ჩვენ ძალიან ბევრი რესურსი და კონკრეტული მიზანი გვაქვს, რომ საქართველოს ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება არა ბიძინა ივანიშვილს და მის კერძო ინტერებს, არამედ ქართველ ხალხს და მის ევროპულ არჩევანს.

24 თებერვალი, ეს არ არის პოლიტიკოსების ცალმხრივი ურთიერთობა ხალხთან. ეს უნდა იყოს დიდი ეროვნული გაერთიანება. ერთმანეთთან ბევრი რამ დავთმეთ, განსხვავებები დავთმეთ, წარსულს გადავუსვით ხაზი. ჩვენ დავდგებით ერთად, რადგან ეს პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ. ჩვენთვის მთავარია, რომ წლის ბოლოს გარანტირებულად ვიცოდეთ, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არა ივანიშვილს ემსახურება, არამედ ქართველ ხალხს და მის პოლიტიკურ შეკვეთას ასრულებს. ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. რუსთაველიდან დანახული საქართველო უნდა დაინახოს მსოფლიომ, ევროპამ და უკრაინამ. სხვა საქართველო არსებობს და რეალურად ეს საქართველო წყვეტს ამ ქვეყნის მომავალს“,- განაცხადა ფოფხაძემ.

მისი განმარტებით, ხელისუფლებას უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ „მე წერტილი დამესვა“.

“ისინი არიან პუტინისტები, ისინი არიან პუტინის საქმის მსახურები და საქართველოს ისინი არ სჭირდება, ეს განცდა უნდა გაჩნდეს. სრული ფრუსტრაცია „ქართულ ოცნებას“ უნდა დაემართოს და არა ქართველ ხალხს. ხელისუფლებამ, რომელმაც 24 თებერვალს, ისტორიულად არასწორი არჩევანი გააკეთა, ისტორიის ბოროტ მხარეს დადგა და დღეს ამაზე პასუხი უნდა აგოს. ხელისუფლებას 24 თებერვალს განაჩენს გამოვუტანთ“, – განაცხადა ფოფხაძემ.

მან ასევე შეაფასა, პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადება, რომ პარტია „საქართველოსთვის“ არ იქნება იმ ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც „ოცნებისთვის“ მაშველი რგოლის ფუნქციას ასრულებენ. ფოფხაძის თქმით, პოლიტიკურად არასწორია ასეთი განცხადებების გაკეთება.

„აჩქარდნენ ისინი. არ იყო მათი მხრიდან რამე განცხადება საჭირო. პოლიტიკურად არასწორია ასეთი განცხადებების გაკეთება. 20 ივნისს ისინი {პარტია „საქართველოსთვის“} აქციაზე ვერ მოვიდნენ, რადგან 20 ივნისი იყო, თარიღი გამორიცხავდა მათ მონაწილეობას.

ნეგატიური განწყობები ამ პროცესის გარშემო შეიძლება რომელიმე პარტიამ შექმნას, იგივე გახარიას პარტიამ. მგონია, რომ ეს არის ნაადრევი განწყობები“, – აღნიშნა ფოფხაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები („დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“) და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, 24 თებერვალს, საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ და უკრაინის სოლიდარობის აქციას გამართავენ. ამის შესახებ მათ ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ipn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share