მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე არ გამორიცხავს, რომ სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე მომდევნო სხდომაზე დასაკითხთა სიიდან 5 ან 7 ადამიანი მოიხსნას. ხაჭაპურიძის თქმით, საქმეზე 16 ექსპერტი დარჩა დასაკითხი.
ხაჭაპურიძის განმარტებით, მიზეზი მიხეილ სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობაა. დაცვის მხარეს სურს, რომ პროცესი დროულად დასრულდეს.
“არაადეკვატური მკურნალობა, შეიძლება ითქვას, რომ სახეზეა. 11 კაცი დაიკითხა. მათი დაკითხვის შედეგად, დადგინდა, რომ სააკაშვილი არის მძიმე ავადმყოფი, დაუდგინდა მძიმე დიაგნოზი, კახექსია, დემენცია და სხვადასხვა დიაგნოზი, მათ შორის ხერხემლისა და ძვალ-სახსროვანი სისტემების ოპერაციის აუცილებლობა. 16 ადამიანიდან 5 ან 7 ადამიანი შეიძლება საერთოდ მოვხსნათ დასაკითხ პირთა სიიდან. მიზეზი ორი რამაა: პირველი, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვეღარ ითმენს. ამ ტემპით თუ გავყვებით თვეები დასჭირდება და მეორე – ჩვენ შემთხვევაში პრიორიტეტია სააკაშვილის სიცოცხლე”, – თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.ცნობისთვის, საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა პარასკევს, 27 იანვარს გაიმართება.