,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, კომპანიის სახელით სოციალურ ქსელებსა და ვიდეო პლატფორმებზე ყალბი სარეკლამო განცხადება კვლავ ვრცელდება.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვიდეოს გამოჩენისთანავე, 11 იანვარს, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ იურიდიულმა დეპარტამენტმა შეტყობინება გააგზავნა შსს-ს კიბერუსაფრთხოების ცხელ ხაზზე. ასევე, ოფიციალური წერილი გაიგზავნა შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში.
„თაღლითური სქემის ავტორები კლასიკური ფინანსური პირამიდის მეშვეობით ცდილობენ თანხების მიზიდვას. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ კატეგორიულად აცხადებს, რომ გავრცელებული განცხადება ყალბია და არანაირი შეხება არ აქვს კომპანიის საქმიანობასთან. გავრცელებულ ვირუსულ ვიდეოში საქართველოს მოქალაქეებს და ქვეყნის სტუმრებს რუსულ ენაზე მოუწოდებენ თანხის ჩადებას გაურკვეველ ფინანსურ ოპერაციაში. ენერგოკომპანია მოქალაქეებს მოუწოდებს, არ წამოეგონ მსგავს თაღლითურ შემოთავაზებებს და არ დარეგისტრირდნენ მათ პლატფორმაზე.
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია, რომელიც ევროკავშირის ქვეყანას – ჩეხეთს წარმოადგენს საქართველოში. ის არის ჩეხური კომპანიის ნაწილი, რომელიც ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ საქმიანობს ენერგეტიკულ სფეროში. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ასევე არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი კომპანია საქართველოში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.